ვიტალი გუგუჩიას ბრალი წარუდგინეს - სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მისულ გუგუჩიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც მან ჟურნალისტებთან ბრალის წარდგენის შემდეგ თქვა, მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია და მომხდარის უკან "ოცნების" დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე დგას. 

ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს პროკურატურამაც გაავრცელა:

საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

 სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 31 მაისს, ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის ჟურნალისტი ნ.ბ. და ოპერატორი ბ.დ., ვ.გ.-სთან ინტერვიუს ჩაწერის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, რესპონდენტის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ. ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის სარედაქციო პოლიტიკის მოწინააღმდეგე ვ.გ.-მ ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ სიტყვიერი აგრესია გამოხატა, რის შემდგომაც ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულის შედეგად, მედიის წარმომადგენლებმა ადგილზე პროფესიული საქმიანობის განხორციელება ვერ შეძლეს, - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება "ოცნების" პროპაგანდისტული პოს ტვ-ის გადამღები ჯგუფის გუგუჩიას სახლში მისვლას, რასაც ჩხუბი მოჰყვა. 

ცნობისთვის, რუსული კანონის მიღების დღეს, "ოცნების" დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ერთ-ერთ აქტივისტს, რომელმაც მას "მონა" უწოდა, ქუჩაში გაეკიდა, გზად ხილ-ბოსტნის მაღაზიიდან ფორთოხალი გაიტაცა და ახალგაზრდას ესროლა. სწორედ ეს მაღაზია ეკუთვნის ვიტალი გუგუჩიას და მის ოჯახს, რომელთანაც ჯაფარიძე მეორე დღეს "ბოდიშის" მოსახდელად მივიდა. 

"ფორთოხალი პრობლემა არ არის, თქვენ მომავალი წაგვართვით". - ასე უპასუხა მოქალაქემ ბიძინა ივანიშვილის დეპუტატ ჯაფარიძეს, რომელიც მასთან ბოდიშის მოხდის მიზნით მივიდა - "თქვენი ფორთოხალი ვისროლე და ბოდიშის მოსახდელად მოვედი".

სწორედ ამ დიალოგის შემდეგ ჩააკითხა პოსტვს-ს გადამღებმა ჯგუფმა გუგუჩიას ოჯახს სამეგრელოში.

ავტორი: ემა გოგოხია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი