ვიტალი გუგუჩიას, "ფორთოხლის გამყიდველს" ქიქოძის ქუჩაზე მდებარე მარკეტიდან, სამთავრობო, პროპაგანდისტული მედია "პოსტივის" ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელშეშლისა და ძალადობის საქმეზე ბრალი წარუდგინეს.
დღეს სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. ადვოკატის თქმით, გადამღები ჯგუფი გუგუჩიას სახლში არა ჟურნალისტური, არამედ სულ სხვა მიზნებით მივიდა, რამდენად გასაზიარებელი იქნება მათი ჩვენება, სასამართლოზეა დამოკიდებული. უფლებადამცველის თქმით, წარდგენილ ბრალდებაში გუგუჩია დამნაშავე არაა.
ზუგდიდის სასამართლოში პროცესი 3 საათზე გაიმართება.
გუგუჩიაც ამბობს, რომ პროპაგანდისტული მედია ადგილზე სპეციალურად მივიდა პროვოკაციის მოსაწყობად. ის ელის, რომ სასამართლო გირაოს შეუფარდებს.
"არანაირი კითხვები მას არ ჰქონდა, პირდაპირ მოვიდა ბრალდებებით, აბსურდული ბრალდებებით, ჰაერიდან მოტანილი ბრალდებები, მას ვპასუხობდი ადეკვატურად, გინებით, მეტი არაფერი. [...] სპეციალურად კერძოდ ყველაზე მთავარი პროვოკატორი ვინც იყო, ნათია ბერიძე, ის გამოუშვეს თბილისიდან სოფელში ჩემთან, რათა მოეწყოთ პროვოკაცია, სამი მანქანით მოდიოდნენ.
სისტემის ხელით ისინი ცდილობენ, რომ ნუ ალბათ ჯერჯერობით დამაშინონ, რომ არ ვიყო აქტიური, ვიყო ჩუმად", - თქვა ვიტალი გუგუჩიამ.
ცნობისთვის, რუსული კანონის მიღების დღეს, უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ერთ-ერთ აქტივისტს, რომელმაც მას "მონა" უწოდა, ქუჩაში გაეკიდა, გზად ხილ-ბოსტნის მაღაზიიდან ფორთოხალი აიღო და ესროლა. სწორედ ეს მაღაზია ეკუთვნის ვიტალი გუგუჩიას და მის ოჯახს, რომელთანაც ჯაფარიძე მეორე დღეს "ბოდიშის" მოსახდელად მივიდა, თუმცა საპასუხოდ კრიტიკა მიიღო. მომხდარიდან მალევე სამთავრობო მედიამ გუგუჩიას ოჯახს სოფელში ჩააკითხა. არხის მფლობელი თავად ვიქტორ ჯაფარიძეა. გუგუჩიების კარ-მიდამოში, "პოსტივის" წარმომადგენლებსა და ვიტალი გუგუჩიაშ შორის დაპირისპირება მოხდა.
ავტორი: ნინო ჟიჟილაშვილი.