აქტივისტის მორიგი სასამართლო | 20 წლის ბიჭს ქვის სროლას ედავებიან, მოწმეები კი ვერაფერს ამბობენ

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილის, 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილის პროცესი გაიმართა, რომელსაც ქვის სროლას ედავებიან. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულის ნასროლმა ქვამ პარლამენტის ჭიშკარი დააზიანა.

დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ გამომძიებელი და პარლამენტის თანამშრომელი, თუმცა უშუალოდ იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელსაც ბუბუტეიშვილს ედავებიან მოწმეებს არ უსაუბრიათ.

ბუბუტეიშვილი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.

მისი ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, მოწმეებმა თქვეს, რომ მათ არ იციან ქვა ვინ ისროლა. ასევე დაცვის მხარეს აინტერესებს, როგორ შეიძლებოდა ქვის სროლის მომენტი ათეულობით კამერას არ დაეფიქსირებინა.

"დღეს სასამართლოზე, რასაც დაცვის მხარე ვამბობთ, სწორედ ის დამტკიცდა, რომ ამ მოწმეებმა თქვეს, რომ არ ვიცით ვინ ისროლაო. პროკურატურის განმარტებით, ბუბუტეიშვილმა ისროლა ქვა და მოხვდა ე.წ. ერთ-ერთ დაზარალებულს. როდესაც დაცვის მხარე ვუსვამთ კითხვას, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ათეულობით კამერა იყო, როგორ შეიძლება ამ კამერას არ დაეფიქსირებინა ამ ქვის სროლა და შემდეგ მოხვედრა? აქედან გამომდინარე ესეც, რა თქმა უნდა, სამართლებრივი აბსურდია იმ გარემოებებში, როდესაც აბრალებენ, რომ ბუბუტეიშვილმა ეს ქვა ისროლა, მერე გადააფრინა თურმე ჭიშკარს.

იქ, რა თქმა უნდა ყველამ კარგად ვიცით, იყვნენ რობოკოპები, იყო წყლის ჭავლის მანქანა, იყო სპეცრაზმის დანიშნულების რაზმები, აი ამ ყველას თურმე გადააფრინდა და თურმე მოხვდა ე.წ. დაზარალებულს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სასამართლოზე სამართლებრივად არ დამტკიცდება, მაგრამ დღემდე, პოლიტიკურად ტყვედ ჰყავთ აღნიშნული ახალგაზრდა აყვანილი," - განაცხადა ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ.

პროკურორის, ანი ხუბეჯაშვილის განმარტებით, ბრალდებულის ქმედება ასახულია ვიდეო ჩანაწერზე და ადასტურებს მეხანძრე-მაშველიც, რომელსაც მისივე თქმით, ნასროლი ქვა მოხვდა.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი