თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი მიროტაძემ, დაუშვებლად ცნო „უფლებები საქართველოს“ სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დატოვა თბილისი საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს განჩინება, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან სადიგოვს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, საექსტრადიციო 3 თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
"მივიჩნევთ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. საგანგაშოა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ახალი გარემოება, კერძოდ სადიგოვმა საქართველოში საერთაშორისო თავშესაფარი მოითხოვა, რაც აჩერებს ექსტრადიციის პროცესს." აცხადებს ორგანიზაცია.
„უფლებები საქართველომ“ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში 8 აგვისტოს გაასაჩივრა. ორგანიზაციის ადვოკატებმა მოითხოვეს, რომ გაუქმებულიყო განჩინება აფგან სადიგოვის აღკვეთი ღონისძიების სახით საექსტრადიციო 3 თვიანი პატიმრობის შესახებ და სასამართლოს ალტერნატივის სახით შესთავაზეს გირაო - 2000 ლარის ოდენობით.
სააპელაციო საჩივარს თან ერთოდა სადიგოვის განცხადება, საქართველოს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის მიმართ, საქართველოში საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა 3 აგვისტოს დააკავეს და მას შემდეგ გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.
დაკავების ფაქტს შეესწრო მისი ცოლი და არასრულწლოვანი შვილები.
"უფლებები საქართველოს" განცხადებით, სადიგოვმა მხოლოდ დაკავების შემდეგ გაიგო, რომ ძებნილია და მის წინააღმდეგ აზერბაიჯანში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
გამოძიების ინფორმაციით, აფგან სადიგოვის დაკავება განხორციელდა აზერბაიჯანის მხარის მოთხოვნით. მას ბრალად ედება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 188.2.2 და 182.2.4 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული. რაც გულისხმობს - „გამოძალვა, უცხო ადამიანისაგან
დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით, შეურაცხმყოფელი ინფორმაციის არაერთგზის
გავრცელების მუქარა“.
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს დაკავებამდე, 18 ივლისს, საქართველოს საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს. ის ცოლ-შვილთან ერთად თურქეთში მიემგზავრებოდა, თუმცა მესაზღვრეებმა უთხრეს, რომ თურქეთში გამგზავრება მხოლოდ ოჯახის წევრებს შეეძლოთ, ხოლო თავად სადიგოვს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდა ქვეყნის დატოვების უფლება, თუ აზერბაიჯანში დაბრუნდებოდა.
მათ ამის მიზეზი არ განუმარტავთ, მიუხედავად იმისა, რომ როგორც "უფლებები საქართველო" აღნიშნავს,
ქართულ მხარეს უკვე ჰქონდა ინფორმაცია აზერბაიჯანში სადიგოვის წინააღმდეგ აღძრული საქმისა და
ძებნაში ყოფნის შესახებ.
აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის წინააღმდეგ საქმე 2024 წლის 9 მაისს აღიძრა. 13 მაისს კი
აზერბაიჯანულმა მხარემ დახმარების თხოვნით საქართველოს გენპროკურატურასა და
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
2 აგვისტოს აფგან სადიგოვი „უფლებები საქართველოს“ იურისტთან ერთად შეხვდა საქართველოს სახალხო დამცველს, სადაც განიხილეს მისი თურქეთში არგაშვების ფაქტი. შსს-მ არც სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა გახდა მიზეზი აფგან სადიგოვის საქართველოდან არ გაშვების და არც იმის შესახებ აცნობა, რომ პირი ძებნილია და მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე აზერბაიჯანში." ნათქვამია უფლებები საქართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აფგან სადიგოვი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მისი წამოსვლიდან თითქმის ნახევარი წლის შემდეგ, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რის შესახებაც სადიგოვს ინფორმაცია არ ჰქონდა.