"6 წლის უნახავი მყავდა ჩემი შვილი, აწი ვეღარ ვნახავ..." | მოკლულის დედის პროტესტი სასამართლოში და ბრალდებულის საბოლოო სიტყვა

გამოქვეყნდა:

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის განაჩენის გამოცხადებას თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური მოჰყვა. 27 წლის ქეთევან ედიბერიძის დედა სიძისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვდა. ის ასევე აცხადებს, რომ სასამართლოს ბრალდებული გენდერის ნაწილშიც უნდა ეცნო დამნაშავედ. 

"უვადოს ვითხოვ, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ. მე ჩემი შვილი 6 წლის უნახავი მყავდა, აწი ვეღარ ვნახავ. მხოლოდ სურათებს ვეფერები...რატომ მომიკლა შვილი? მიზეზი მითხრან. მერე ვითომ გაითამაშეს და დადგეს სპექტაკლები, რომ ვითომ გადარჩენას ცდილობდა.მაგ არაკაცს ვინ სცა ჩემი შვილის სიცოცხლის ხელყოფის უფლება, და დღეს სამარცხვინოდ იბრძვიან რომ სასჯელი შეუმსუბუქონ. " ამბობს მოკლულის დედა.

27 წლის ქეთევან ედიბერიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი სასამართლომ გენდერის ნიშნით დანაშაულის ჩადენის ნაწილში გაამართლა, თუმცა მკვლელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. როგორც მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა განმარტა, გენდერის ნიშნით მკვლელობასთან დაკავშირებით საკმარისი მტკიცებულებების არ არსებობდა.

განაჩენის გამოცხადებამდე კი ბრალდებულმა სხდომაზე დუმილი დაარღვია და მოსამართლეს არწმუნებდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხადი იყო:

“ჩემ მეუღლეს წავართვი სიცოცხლის უფლება, ჩემი შვილის დედას წავართვი სიცოცხლის უფლება, ჩემ შვილს წავართვი დედის ყოლის, დედის სიყვარულის უფლება, რაც ძნელია. თავს არანაირად არ ვიმართლებ, არც თავის არიდებას ვითხოვ, უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ საღ გონებაზე ამის გამკეთებელი არ ვიყავი. ეს არის ჩემი საბოლოო სიტყვა, დანარჩენი თავად გადაწყვიტეთ. რაც პროკურორმა ისაუბრა, მოგონილი ამბებია უბრალოდ. განაჩენს სანამ გამოიტანთ, მინდა იცოდეთ თქვენც და ყველამ, რომ საღ გონებაზე ამის გამკეთებელი არ ვიყავი”, - თქვა გიორგი კავლელაშვილმა.

ვარკეთილი სამის მეორე მიკრორაიონში მკვლელობა იანვარში მოხდა. 30 წლის გიორგი კავლელაშვილმა მეუღლეს, 27 წლის ქეთევან ედიბერიძეს დანით მრავლობითი ჭრილობები მძინარეს მიაყენა, ამის შემდეგ კი თავადაც მიიყენა დაზიანებები. დაჭრილი ქალი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

წყვილს 4 თვის ახალშობილი დარჩა. 

გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19- 109-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.  დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი