"მაგარი ნაცემია, მოსაკლავად" | მსჯავრდებული ნიკა ბასილაძის ოჯახი ქუთაისის ციხეში მომხდარი ფაქტის გამოძიებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ქუთაისის ნომერ მეორე დაწესებულებაში პატიმარს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. ინფორმაციას მსჯავრდებულის ოჯახის წევრები ავრცელებენ და მომხდარის დროულად გამოძიებას ითხოვენ. ჯერჯერობით უცნობია, ვინ და რა გარემოებაში გაუსწორდა პატიმარს სასტიკი მეთოდებით, თუმცა ოჯახი ვარაუდობს, რომ მას სხვა მსჯავრდებულები მიუგზავნეს ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის.

პენიტენციური სამსახური მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას იხსნის, და ამტკიცებს რომ პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა. ოჯახი ითხოვს, რომ გადაეცეთ ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომელიც უწყების განცხადებით, პატიმრის საკანში იყო დამონტაჟებული.

30 წლის ნიკა ბასილაძის ოჯახის წევრების განცხადებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ის ამ დრომდე რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე. მდგომარეობის გაუარესების გამო მსჯავრდებული გუშინ გადმოიყვანეს ქუთაისის კლინიკიდან, კლინიკა ვივამედში. ოჯახს კითხვებს უჩენს ის ფაქტიც, რომ ნიკა ბასილაძე ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს და მას კარანტინის გამო სხვა პატიმრებთან შეხება არ უნდა ჰქონოდა.

"მაგარი ნაცემია, მოსაკლავად. მოუწყვეს, იქ ვერ უნდა შესულიყო ვინმე, 4 დღის შესული იყო თვითონ და კარანტინში იყო. 100%-იანი მოწყობილია. რამდენი ხანი იყო დაგდებული არ ვიცი, შაბათს მოხდა და კვირას მივიდა საავადმყოფოში ღამის 2 საათზე." - აცხადებს ოჯახის წევრი.

ოჯახის უფლებების დამცველი ამბობს, რომ მსჯავრდებულს თავზე აქვს დაზიანებები და მძიმე მდგომარეობაშია.

"მძიმე მდგომარეობაშია, მართვით სუნთქვაზეა, საიმედოს ექიმები ვერ იძახიან. რა დაზიანებები აქვს, რა შეიძლება გაუკეთდეს ან რა მოხდა, არაფერს ეუბნებიან ოჯახის წევრებს. ზუსტი დიაგნოზი არ ვიცით. ერთი ვიცით, რომ თავზე აქვს დაზიანებები და ძალიან მძიმეა. თითქოს თვითდაზიანებები ჰქონდა და ვენები ჰქონდა გადაჭრილი ამ ბიჭს, მეუღლე ამბობს, ექიმმა მითხრა რომ არანაირი ასეთი დაზიანებები არ აქვს, რაც შეიძლება თვითონ მიიყენოს ადამიანმა, დაზიანებები აქვს თავში."

იხილეთ ასევე

ოჯახის ინფორმაციას, რომ ქუთაისის ციხეში პატიმარს სცემეს, პენიტენციური განცხადებით პასუხობს

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი