30 წლის ნიკა ბასილაძის (კენჭაძე) ოჯახის წევრები და ახლობლები ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებასთან არიან შეკრებილი და ციხის დირექტორთან შეხვედრას ითხოვენ. პატიმრის ოჯახის წევრების განცხადებით, სწორედ ამ პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა თავდასხმა, რის შედეგადაც სასტიკად ნაცემ ახალგაზრდა კაცს, ჯერ ქუთაისის საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისში "ვივამედში" გადაყვანა დასჭირდა.
ახლობლები პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციისგან პასუხებს ითხოვენ, თუ ვინ დაესხა თავს ციხის საკანში ნიკა ბასილაძეს, რომელიც წესით კარანტინში უნდა ყოფილიყო და პატიმრებს მასთან შეხება არ უნდა ჰქონოდათ.
"აშკარად რაღაცაა მომხდარი ციხეზე, შეგზავნილი ჰყავთ ვიღაც და სპეციალურადაა გაკეთებული ეს ყველაფერი. იმიტომ რომ 2 კვირა უნდა ყოფილიყო კარანტინში. თუ კარანტინში იმყოფებოდა, ასეთი სიტუაცია როგორ უნდა მომხდარიყო. სიკვდილის პირას ჰყავთ მიყვანილი. თვითონ ვერანაირად ვერ მიიყენებდა, თვალს როგორ დაიზიანებდა? ბლაგვი რა ჰქონდა ციხეში, ისეთი რომ თავი დაიზიანა?"
"მოთხოვნაა, რომ გამოვიდეს უფროსი და გვიპასუხოს, რა და როგორ მოხდა და ვინ გააკეთა. პირდაპირ ვადანაშაულებ პოლიციას, ოღონდ საქმე დახურონ და საქმე გააკეთონ."
"თვითონ გადაიჭრა ვენაო და თავი აქვს დაზიანებული. თავისქალა ჩატეხილი აქვს, წინ დაზიანებული აქვს, უკან დაზიანებული აქვს" - აცხადებენ პატიმრის ოჯახის წევრები.
ნიკა ბასილაძის ახლობლები იმყოფებიან "ვივამედთანაც", თუმცა მათი განცხადებით კონკრეტული დიაგნოზისა და დაზიანებების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია არც მათ აქვთ. როგორც ისინი აცხადებენ, მსჯავრდებულს მიღებული დაზიანებების გამო თავზე ოპერაციის ჩატარება დასჭირდა და ის კვლავ მართვით სუნთქვაზეა.
იხილეთ ასევე
ოჯახის ინფორმაციას, რომ ქუთაისის ციხეში პატიმარს სცემეს, პენიტენციური განცხადებით პასუხობს