საქმეზე, რომელშიც მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე ფიგურირებს, ევროსასამართლომ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა. საუბარია 2016 წლის 26 აგვისტოს გონიოს სანაპიროზე მომხდარ ინციდენტზე - როცა 13 წლის არასრულწლოვანის მშობლების თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა.
მიქაუტაძემ პოლიციაში განაცხადა, რომ მასზე ბავშვის მშობლებმა სიტყვიერად და ფიზიკურად იძალადეს. მოზარდის მშობლები, თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე მალევე სისხლის სამართლის 365-ე მუხლის (სამართალწარმოების განხორციელებასთან, გამოძიებასთან ან დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით მუქარისა ან ძალადობის) ბრალდებით დააკავეს. მოზარდის მამა ერთ დღეში, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, დედა კი სასამართლო განხილვამდე, 21 სექტემბრამდე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
ხელვაჩაურის სასამართლომ 2018 წლის 23 ივლისს, ხაჭაპურიძე და ხაჩიძე სსკ-ის 239-ე მუხლით, ხულიგნობაში ცნო დამნაშავედ და ჯამში ორივეს ერთად 3 000 ლარის გადახდა დააკისრა.
ხაჭაპურიძემ და ხაჩიძემ საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს.
ევროსასამართლომ დაასკვნა რომ ხაჭაპურიძისა და ხაჩიძის, როგორც ბრალდებულების მიმართ, ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის რამდენიმე პუნქტის დარღვევას.
სახელმწიფოს დაევალა 3 თვის განმავლობაში ორივე განმცხადებლისთვის 1 000 ევროს და არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად ნებისმიერი გადასახადის გადახდა, რაც შემდგომ შეიძლება დაემატოს. ასევე, მათ მიერ გაღებული ხარჯებისთვის მათთვის 3 000 ევროს და ნებისმიერი გადასახადის გადახდა, რაც შეიძლება დაემატოს.