"რა საჭიროებაა სახელმწიფომ დაიწყოს იმის გამოძიება, რა სქესობრივი ცხოვრება ჰქონდა, პარტნიორი ვინ იყო" | მოსამართლე კვერენჩხილაძე რეესტრის ხელმძღვანელს

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვა გრძელდება. ამ დროისთვის სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული. დღევანდელი დღე დაეთმო საჯარო რეესტრის და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების მოსმენას.  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ 2 სექტემბრის შემდეგ დაიწყება მონიტორინგი, შემდეგ სამინისტრო მოიძიებს ინფორმაციას, მიწერენ წერილს ორგანიზაციებს, რომ დარეგისტრირდნენ, თუ აღნიშნულს არ დაემორჩილებიან, უწყება ორგანიზაციების დაჯარიმებას დაიწყებს.

"კანონი ამბობს, რომ ჩვენ უნდა განვსაზღვროთ 20%-ზე მეტი შემოსავალი ჰქონდა თუ არა, ეს შეიძლება გავიგოთ, ამ ინფორმაციის საფუძველზე, გამოვითხოვეთ ვთქვათ ბანკიდან ეს ინფორმაცია, ან გამოვითხოვეთ შემოსავლების სამსახურიდან, მივიღეთ, რომ კი, 20%-ზე მეტი არის შემოსავალი უცხოური დაფინანსება, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ამ სუბიექტს ვარეგისტრირებთ რეესტრში, მაგრამ ისევ მას ვავალებთ, რომ შეავსოს ეს საფინანსო დეკლარაცია", - თქვა დევიძემ.

მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე დაინტერესდა რატომ სჭირდება ფინანსური გამჭვირვალობის დასადგენად, თუ დაფინანსების 20%-ის წყაროს დასადგენად, განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაციის მოპოვება და გასაჯაროება, მათ შორის, სექსუალური ცხოვრებისა და პოლიტიკური შეხედულების შესწავლა.

მან დავით დევიძეს ჰკითხა: "რა საჭიროებაა სახელმწიფომ დაიწყოს იმის გამოძიება, რა სქესობრივი ცხოვრება ჰქონდა, მისი პარტნიორი ვინ იყო, რა რელიგიური თუ ასე შემდეგ". 

"ამ კითხვაზე პასუხი არის მინისტრის ბრძანებაში ჩანაწერი, რომ არ ვითხოვთ ასეთი ტიპის ინფორმაციას, ოღონდ მიზანთან მიმართებით. ფინანსები ვინც მიიღო, ფიზიკური პირის ვინაობას ვითხოვთ, ეს არის განსხვავება. [...] ორი მიზანი აქვს, ეს არ არის მხოლოდ ერთი მიზანი, რომ დავარეგისტრირეთ 20% და მორჩა, მეორე მიზანიც არის, რომ გამჭვირვალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ეს არის პასუხი.  [გამჭვირვალობასთან რა რელევანტურობაა?]  ჩვენ უნდა ვიცოდეთ რასთან მიმართებაში ვივლით 20%-ს, რაღაც აბსტრაქტული რიცხვი ხომ არ იქნება, მეორე რიცხვი გვჭირდება, რასთანაც შესაბამისობაში უნდა გამოვიდეს 20%, მეორე რიცხვი რომ ვიცოდეთ, შესაბამისად გვჭირდება ზუსტი ინფორმაცია, მართლა ასე იყო ეს რიცხვი, თუ გვატყუებენ. ჩვენ გვჭირდება შემოსავალი და მათ შორის შემდეგ უკვე გამჭვირვალობის მიზნით ხარჯები. [...] ორი მიზანი აქვს კანონს, შესაბამისად გპასუხობთ, ერთ მიზანთან მიმართებით, რეგისტრაციის, არ გვჭირდება, მეორე მიზანთან - გამჭვირვალობასთან, მიმართებით გვჭირდება. პირველ მიზანთან მიმართებითაც, გვჭირდება იმისთვის, რომ ვიცოდეთ ხარჯი რა იყო, რომ გადავამოწმოთ რომ 20% გამოვითვალოთ, შემოსავალი ხომ გვაქვს, შემდეგ ეს შემოსავლები რაში დაიხარჯა, ამით თუ არ გავარკვიეთ, შეიძლება მითითებული იყოს, რომ საქართველოდან შემოსავალი ჰქონდა 120 მილიონი და გამოვიდეს 3% უცხოეთიდან შემოსავალი, როდესაც ჩვენ ვნახავთ ხარჯში რაში წავიდა ეს შემოსავლები", - თქვა დევიძეს.

მან დაასახელა ის შემთხვევები, როდესაც დაინტერესდებიან არასამთავრობო ან მედიაორგანიზაციასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებით:

"როდესაც განსაკუთრებული კატეგორიის მუხლზე მიუთითა კანონმა, საჯარო რეესტრს ეს აძლევს საშუალებას, რომ თუ დაინტერესებული ორგანიზაცია, რომელსაც უნდა რომ თავი აარიდოს კანონით გათვალისწინებულ რეესტრში რეგისტრაციას, ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია, გადავაზღვიოთ, გამოვითხოვოთ ინფორმაცია და ჩავატაროთ სრულფასოვანი მონიტორინგი. რას გულისხმობს ეს, არ უნდა დაგვხვდეს ბარიერები, ისეთი როგორიც არის, მაგალითად ის, რომ ეს არის პერსონალური მონაცემები გარკვეულ კატეგორიებზე, როდესაც მოვითხოვთ საჯარო დაწესებულებებიდან თუნდაც, კერძო ორგანიზაციებიდან ან სხვა ფიზიკური პირებისგან ინფორმაციას ამა თუ იმ გარემოებიდან გამომდინარე, წინასწარ ვერავინ იტყვის საქმის შინაარსიდან გამიჯვნით, რა ტიპის მონაცემი იქნება საჭირო გამოსათხოვი, ყველა საქმე არის უნიკალური, განსხვავებული და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი