რუსული კანონის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ, დილის 11 საათიდან გაგრძელდება.
თავმჯდომარის, მერაბ ტურავას თქმით, ეს იქნება ბოლო განმწესრიგებელი სხდომა, რის შემდეგაც არსებითი განხილვა დაიწყება. სავარაუდოდ, ხვალ გადაწყდება, შეაჩერებს თუ არა საკონსტიტუციო კანონის მოქმედებას არსებითი განხილვის დასრულებამდე.
დღევანდელი სხდომის ბოლოს კი მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა იმ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება რაც "ოცნების" მიღებული კანონით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს დაემუქრებათ. კერძოდ, მისი თქმით არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს სურთ სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ანონიმურად, რადგან არ აქვთ სახელმწიფოს ნდობა, რომ მათი უსაფრთხოება დაცული იქნება და არ გამჟღავნდება. ამ ყველაფერზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ასეთ საქმეებს გრიფით საიდუმლო მიენიჭება.
კამათისას ბრეგაძის სამინისტროს წარმომადგენლები არ მორიდებიან "ქართული ოცნების" პროპაგანდისტული მესიჯების გაჟღერებას, თითქოს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები სტრასბურგის სასამართლოში შეტანილ საჩივრებში, ქართულ ჯარს აბრალებდნენ "ცხინვალის დაბომბვას".
ანა ნაცვლიშვილმა მათ ამ რიტორიკას უპასუხა, რომ იცავენ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას რუსეთს აბარებს - "სამარცხვინოა რუსეთისთვის ქვეყნის გადაბარებაა , რასაც ხელს წერს თქვენი ხელისუფლება და იცავთ აქ ორი დღეა".
შეგახსენებთ, საკონსტიტუციომ რუსული კანონის წინააღმდეგ ოთხი გაერთიანებული სარჩელის განხილვა 29 აგვისტოს დაიწყო. მოსარჩლე პირები საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მესამე სექტორი და ჟურნალისტთა კორპუსია. ისინი საწყის ეტაპზე კანონის შეჩერებას, მთლიანობაში კი მის გაუქმებას ითხოვენ.