კასპში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში, 1958 წელს დაბადებული მ.კ. განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. ამ საკითხზე უწყებამ განცხადება ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა 1978 წელს დაბადებული დ.ბ., რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1949 წელს დაბადებულ გ.ნ.-ს სხეულზე დაზიანება მიაყენა. დაშავებული გ.ნ. სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, - წერია უწყების განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა კასპში 19 სექტემბერს მოხდა - კაცმა საკუთარ სახლში გაისროლა - დაიღუპა 1, ხოლო დაიჭრა კიდევ 1 პირი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი