აგენტების რეესტრში 31 233 NGO-დან მხოლოდ 469 დარეგისტრირდა | არასამთავრობოების ნაწილი საქმიანობას წყვეტს

გამოქვეყნდა:

ვადა ამოწურულია - ყველას, ვისაც რუსული კანონის მოთხოვნის დაკმაყოფილება სურდა, დრო დღევანდელი სამუშაო დღის დასრულებამდე ჰქონდა. აგენტების რეესტრში უცხოური გავლენის ორგანიზაციებს ახლა "ქართული ოცნების" ხელისუფლება საკუთარი შეხედულებით დაარეგისტრირებს. 31 233 ორგანიზაციიდან, რომლებიც დაფინანსებას უცხოური წყაროებით იღებენ, საკუთარი ნებით საჯარო რეესტრს მხოლოდ 469-მ მიმართა - სულ მათი რაოდენობა 1 პროცენტის ფარგლებშია.

რუსული კანონის ამოქმედებისა და სავალდებულო რეგისტრაციის გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებსაც შედარებით მცირე დაფინანსება აქვთ და იმ კოლოსალური ჯარიმების გადახდა არ შეუძლიათ, რითაც ხელისუფლება იმუქრება, მუშაობა შეწყვიტეს. ასე დაიხურა თელავში, ბათუმში, ქუთაისსა და გორში დემოკრატიის სკოლები. 

მუშაობას ძველ ფორმატში აღარ გააგრძელებს კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც კახეთის სხვადასხვა საზოგადოებრივ სეგმენტს მოიცავდა. "მედიაცენტრი კახეთის" ორგანიზაციის წევრებმა ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ დარეგისტრირებულიყვნენ აგენტების რეესტრში, ამიტომ ახლა დონორთან ბოლო ვალდებულებას ამოწურავენ და მუშაობას ამ ფორმატით შეწყვეტენ, რადგან მთავარი არის ნდობა, რომელიც აგენტად რეგისტრაციის შემთხვევაში საზოგადოებაში უბრალოდ ვეღარ იარსებებს. 

სამი სექტემბერიდან, რუსული კანონის მიხედვით, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებიც დასავლურ გრანტს იღებენ, ვალდებული არიან, საჯარო რეეესტრში აგენტებად თავი ოფიციალურად გამოიცხადონ, შეავსონ სპეციალური ბლანკები და მასზე პერსონალური ცნობებიც დაიტანონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ პირველ ეტაპზე 10 ათასლარიანი ჯარიმა შემდეგ კი ორმაგი და სამმაგი სახდელი დაეკისრებათ. ამის მიუხედავად, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ერთ პროცენტზე ნაკლები აპირებს თავის უცხოური გავლენის აგენტად გამოცხადებას.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი