ევროპარლამენტის რეზოლუცია: EU-მ უკრაინას უნდა მისცეს უფლება, დასავლური იარაღით რუსეთში ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებს დაარტყას

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინას მისცენ უფლება, გამოიყენოს დასავლური იარაღი რუსეთში ლეგიტიმური სამიზნეების წინააღმდეგ.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 425-მა ევროდეპუტატმა, 63-მა თავი შეიკავა, ხოლო 131 წინააღმდეგი იყო.

რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ არსებული შეზღუდვების მოხსნის გარეშე, უკრაინა ვერ შეძლებს სრულად გამოიყენოს თავდაცვის უფლება, რაც მის მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურას დაუცველს ტოვებს.

ევროპარლამენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის არასაკმარისი მიწოდება და მათი გამოყენების შეზღუდვა ქმნის რისკს, რომ აქამდე გაწეული ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდეს.

ევროპარლამენტის დეპუტატებმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდეს, შეასრულონ 2023 წლის მარტში აღებული ვალდებულებები, უკრაინისთვის ერთი მილიონი ჭურვის გადაცემის თაობაზე და დააჩქარონ იარაღისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების, მათ შორის გერმანული TAURUS რაკეტების მიწოდება.

ამავე რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანამ და ნატოს მოკავშირეებმა ერთობლივად და ინდივიდუალურად უნდა აიღონ ვალდებულება, რომ ყოველწლიურად გამოყონ თავიანთი მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 0,25% უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის. ასევე უნდა შენარჩუნდეს სანქციები, რომლებიც დაწესებული აქვს რუსეთს, ბელარუსს, ირანს და ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც რუსეთს აწვდიან ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებს.

ევროპარლამენტის წევრები სანქციების შემოღებას ითხოვენ ჩინელი ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგაც, ასევე მესამე მხარისა და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების კომპანიებისთვისაც, რათა გადაიჭრას სანქციების გვერდის ავლის საკითხი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი