
აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ყურადღებას და დახმარებას ითხოვენ. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ერთ-ერთი პაციენტი, კლინიკის პრობლემებზე საუბრობს და ამბობს, რომ სათანადო მკურნალობას ვერ იღებს.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მძიმე პირობებზე, ანტისანიტარიასა და მედიკოსების უყურადღებობაზე საუბრობს ერთ-ერთი რესპონდენტი, რომლის ქმარიც მეხუთე დღეა მძიმე პნევმონიითა და კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში წევს.
ჩემი ქმარი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთ კვირაზე მეტია წევს, ორმხრივი პნევმონიით, თვითონ ისინჯავს ტემპერატურას, არავინ შედის და ეკითხება არც ტემპერატურას, არც საერთო მდგომარეობას, მხოლოდ ანტიბიოტიკს უკეთებენ. დეზინფექცია და დალაგებაც არ ხდება ოთახების, პაციენტები თვითონ გვიან პალატებს და რეცხავნე საპირფარეშოებს, - ამბობს ინფიცირებულის ცოლი.
რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, ერთ-ერთი პაციენტი ექიმებს ადანაშაულებს, რადგან ამბობს, რომ 5 დღე ბრონხიტის ანთებაზე ისე მკურნალობდნენ, რომ დიაგნოზი არ იცოდა.
რამდენი სიცხიანია და ყველა ერთად ვართ, საერთო აბანო, საერთო საპირფარეშო, სადეზინფექციო ხსნარი არ არის, რომ ხელები დავიმუშავოთ, - ისმის ვიდეოში.
ბათუმის რესპუბილკური საავადმყოფოს კლინიკის მენეჯერი, გია კიკაბიძე პრეტენზიებს უარყოფს.
შემოვლები კეთდება, თითოეულ სართულზე არის 4 ექთანი, 2 სანიტარი, უმცროსი ექიმი და ექიმი, საკმარისია პაციენტებისთვის, - ამბობს ის.
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა. რაც შეეხება მთლიან საქართველოს, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.