თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ენმ-ის წევრი ირაკლი ეძგვერაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მომდევნო პროცესი კი 13 სექტემბრისთვის ჩაინიშნა.
ეძგვერაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას - წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
ის 2 დღის წინ დააკავეს. დაპირისპირება ოპოზიციონერი დეპუტატის სახლთან, გლდანში მოხდა. პოლიციის მხრიდან აგრესია მას შემდეგ დაიწყო, რაც ნაციონალური მოძრაობის წევრი შეეცადა გაერკვია რატომ იყვნენ მობილიზებული ძალოვნები მის ავტოფარეხთან. შსს -ის ინფორმაციით, პოლიცია ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებას ასრულებდა, რასაც ეძგვერაძე ხელს უშლიდა.
ეძგვერაძესთან ერთად დააკავეს საკრებულოს კიდევ ერთი დეპუტატი ირაკლი ნადირაძე, რომელიც იმავე საღამოს გაათავისუფლეს.
ეძგვერაძის ადვოკატი კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, პოლიციელების მხრიდან დაკავების დროს განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.
დღევანდელ სასამართლომდე ეძგვერაძესთან გამომძიებელი იმყოფებოდა და ის გამოკითხა. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გადაწყდება, დაიწყება თუ არა გამოძიება პოლიციელების წინააღმდეგ.
განახლება: 12 სექტემბერს ჩაინიშნა ირაკლი ნადირაძის სასამართლო პროცესი.