სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეს მაია გიგაურს მცირეწლოვანზე სავარაუდო ფიზიკურ ძალადობას ედავებიან. "მთავარმა არხმა" ექსკლუზიურად მოიპოვა ვიდეომტკიცებულებები, რითაც სავარაუდოდ დასტურდება, რომ მან 4 წლის ბავშვს სახეში გაარტყა იმის გამო, რომ ბავშვმა მის შვილს სათამაშო არ დაუთმო.
შემთხვევა ბავშვთა გასართობ სივრცე - "ლისი კიდსში", 8 სექტემბერს მოხდა. ინციდენტს არაერთი თვითმხილველი ჰყავს. დაზარალებული ბავშვის მშობელმა ადგილზე პოლიციაც გამოიძახა, საქმე მსვლელობაც მიეცა და გამოძიება პოლიციის მთავარმა სამმართველომ არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა უვადო მოსამართლე ჯერ არ გამოუკითხავთ.
4 წლის ბიჭის დედა, სალომე აბულაძე ამბობს, რომ ინციდენტის დროს ის სათამაშო მოედნის სიახლოვეს იყო, თუმცა მომხდარის ყველა დეტალი დაინახა. მისი თქმით, მან მხოლოდ ადგილზე პოლიციის მისვლის შემდეგ გაარკვია რომ ქალი, რომელმაც მის შვილს დაარტყა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მაია გიგაურია.
"ბავშვი იყო ისტერიკაში, ტიროდა. ეს ქალი [მაია გიგაური] ურჩევდა საქმეს, 4 წლის ბავშვს, რომელმაც მეტყველებაც არ იცის ამ ეტაპზე, 2-3 წინადადებას ამბობს. ეუბნებოდა ფრაზებს: "ვის შვილს შეუბრუნე ხელი, ვის შვილს დაარტყი, უზრდელო, თავხედო ბავშვო." უშლიდა ხელებს, თავისი შვილი აყვანილი ჰყავდა ხელში და ჩემს შვილს ურჩევდა საქმეს ამხელა ქალი."
საქმე რომ ძალადობის რიგითი შემთხვევა არ იქნებოდა და შვილის უფლებებისთვის ბრძოლა მოუწევდა, ამაში მცირეწლოვნის დედა პირველივე დღეს დარწმუნდა. როცა პოლიციის განყოფილებაში მისულს მოსამართლე მაია გიგაურის გავლენებზე უთხრეს.
'მე ვიგებ, რომ ეს ქალი არის უვადო მოსამართლე. ვუკავშირდები ადვოკატს და ადვოკატთან ერთად მივდივარ სასამართლოში. ეკითხება ჩემი ადვოკატი, თუ იცით ვინ არის ეს ქალბატონიო და ცინიკური ტონით პასუხობენ: "არ ვიცით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. აბა თქვენ გვითხარით ვინ არის." არ ვიცი რამდენად მოახდენენ რეაგირებას, რადგან ამ მოსამართლეს იცავს სტატუსი
ამ ქალს ჩვენზე პრინციპი აქვსო, ასეთი ფრაზა წამოსცდა საქმის გამომძიებელს, ვინც ამ საქმის ოქმს ადგენდა. გულწრფელად მოვუყევი ყველაფერი და როცა ვუთხარი, რომ ამ ქალს სინანულიც ვერ შევატყვე სახეზე, ცინიკურად ჩაეღიმა და მითხრა: "ამ ქალთან სინანული..."
ეს ქალია რის საზოგადოებისთვის საშიში. ასე გააკეთოს, დაიწეროს, რომ აქვს იმუნიტეტი და ჩვენ მოვარიდებთ ჩვენს შვილებს და ნუ ივლის, ჰქონდეთ ცალკე სკვერი მოსამართლეებს, ვინც მოძალადეები არიან და ვისაც იმუნიტეტი აქვს. ჰქონდეთ ცალკე ტერიტორია, სადაც თავიანთ შვილებს გაასეირნებენ ისე, რომ სხვის შვილებს არ მიაყენებენ თავად მოსამართლეები ზიანს." ამბობს ბავშვის დედა.
ლისზე მომხდარ ინციდენტზე ჩვენ მოსამართლე გიგაურის ჩაწერაც გვინდოდა და მას საცხოვრებელ სახლთან მივაკითხეთ, თუმცა სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ ჩვენს არც ერთ შეკითხვას არ უპასუხა.
მოზარდზე შესაძლო ძალადობის გარდა - მაია გიგაურზე საჯარო წყაროებში ინფორმაცია მის კომპეტენციასთან დაკავშირებითაც იძებნება. იურისტები და სასამართლო სისტემაზე მომუშავეები ამბობენ რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს შესაბამისი განათლება არ აქვს. ამის შესახებ ცნობილი 2013 წელს გახდა, როცა სამოქალაქო საზოგადოება მაშინ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, მაია გიგაურის პროფესიული წარსულით დაინტერესდა. მათ მალევე გაარკვიეს, რომ გიგაური ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული იყო და მოსამართლეობისთვის საჭირო იურიდიული განათლება არ ჰქონდა მიღებული.