წერილი გლდანის ციხიდან | 22 წლის ბიჭი 2 კვირაზე მეტია შიმშილობს და ამბობს, რომ პოლიციამ იარაღი ჩაუდო

გამოქვეყნდა:

გლდანის ციხის პატიმარი ამტკიცებს, რომ პოლიციამ მოგონილი ბრალდებით დააკავა და იარაღის უკანონო შეძენა-ტარება ისე დააბრალეს, რომ იარაღი არც კი უნახავს. "შაბათის მთავარმა" წერილი გლდანის საპატიმროდან -  22 წლის ნიკა კოზანაშვილისგან მიიღო.  

პატიმარი ამბობს, რომ საკანში პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო. 

"ვიკითხე, რატომ ვარ იარაღზე დაკავებული, ვეუბნებოდი  იარაღი არ მქონიათქო, პირდაპირ პასუხს არ მცემდა, მაგრამ მითხრა, რომ ვიღაცას ვაინტერესებდი და თუ ის არ იქნებოდა ჩემი დამჭერი მაინც გამოინახებოდა ვინმე სხვა" - წერს პატიმარი "შაბათის მთავარისთვის" გამოგზავნილ წერილში.

კოზანაშვილი 6 თვის წინ დააპატიმრეს. წერილში ის გვწერს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა საკუთარი სახლის მიმდებარედ სეირნობისას  დააკავეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი უთხრეს რომ იარაღის უკანონო შეძენა შენახვისთვის იყო დაკავებული. იმ იარაღის რომელიც მანამდე არ უნახავს. 

"საღამოს ვასეირნებდი ძალს ღოღობერიძის ქუჩაზე, ჩემს მეგობრებთან ერთად. ჩემი მეგობარი სახლამდე გავაცილე. პარალელურად უკანა მხრიდან მომიახლოვდა და გააჩერა თეთრი ფერის შკოდამ. ერთ-ერთი პირი გადმოდის შკოდიდან, და მომმართავს გვარით, კოზანაშვილი ვა, შენ ყოფილხარო?"

პატიმრის მონათხრობით ამ გასაუბრებიდან მალევე მანქანიდან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სხვა პირებიც გადმოვიდნენ. რომლებმაც მას შეკითხვების დასმა დაუწყეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს:

"მკითხეს  დიღომში როდის იყავიო? ვპასუხობ რომ არც მახსოვს ბოლოს დიღომში როდის ვიყავი, მის შემდეგ ტელეფონს ჩახედა ორმა თანამშრომელმა და თქვა ეს კურტკა არის? და დავიბენი და ვკითხე: მეთქი რა არის გამარკვიეთთქო, მპასუხობს რომ ამ კურტკიდან ამის მსგავსი კურტკა იყო, დაჭრაა მომხდარი. შენი კურტკა დიღომში ორი კაცის დაჭრაშია და თავს ნუ იდებილებო, და გინება დამიწყო პარალელურად აყვა მეორეც და ფეხებზე დამიწყო რტყმა. ჩემს გვერდის მჯდომმა სილაც გამარტყა, რამდენჯერმე წინ მჯდომი მომიტრიალდა და შემომარტყა აზრზე მოდიო."

22 წლის ნიკა კოზანაშვილის მტკიცებით პოლიციის  მანქანაში ის რამდენიმე საათი უკანონოდ  დააყოვნეს, რის შემდეგაც მოტყუებით  ქალაქის სამმართველოში გადაიყვანეს. პატიმრის მონაყოლით პოლიციელებმა მასზე იქაც იძალადეს და დადებულ იარაღზე დნმ-ის ძალით გადატანა სცადეს.

"სამმართველოში სამმა ამიყვანა და კაბინეტში შემიყვანეს.მომთხოვეს კედელთან დავმდგარიყავი ვუთხარი თუ რატომ უნდა დავმდგარიყავი კედელთან ამის საპასუხოდ კი  გინება დამიწყეს, კედელთან დამაყენეს და სურათი გადამიღეს. მალევე  მოითხოვეს ჩემი ნერწყვი და მთხოვეს კოლბაში ჩამეფურთხებინა. თხოვნის მიუხედავად მაინც არ გავიკეტე, შემდგომ დამესივნენ და ლოყებზე მოჭერით და კისერში თითების წაჭერით და ხელების გრეხვით, ნეკნებში და ხერხემალზე დარტყმით ძირს წაქცევით აიღეს ჩემი ნერწყვის ანალიზი."

ოჯახმა ნიკას დაკავების შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც სამართალდამცველები მათი საცხოვრებელი ბინის გასაჩხრეკად მივიდნენ. ოჯახის კითხვებს თუ რა იყო სახლის გაჩხრეკის მიზეზი, ან სად იყო ნიკა, პასუხი არავინ გასცა.

22 წლის პატიმარი ახლა სასამართლოს განაჩენს ელოდება. საქმის ყველა ძირითადი მოწმე პროცესებზე უკვე გამოიკითხნენ, მათ შორის ის პოლიციელები რომლებმაც ნიკა დააკავეს. თუმცა ადვოკატი ამტკიცებს რომ მოსამართლეს ყველამ სხვადასხვა ვერსია მოუყვა.  ადვოკატის თქმითვე, მოწმე პოლიციელები ვერც დაკავების საერთო დეტალებზე ჩამოყალიბდნენ, ის მოწმეები კი ვინც დაიკითხნენ, ნიკას თვალითაც არ უნახავს. 

ნიკა კოზანაშვლის საქმეზე  შემდეგი სასამართლო სხდომა 27 სექტემბერს არის დანიშნული. პატიმარი  კი გლდანის ციხეში შიმშილობის შეწყვეტას იქამდე არ აპირებს, სანამ მის უდანაშაულობას არ აღიარებენ. 

ავტორი: მაგდა მაისურაძე

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი