საიამ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე უკანონოდ დაკავებულ პირთან დაკავშირებით სტრასბურგში წერილობითი პოზიცია წარადგინა

გამოქვეყნდა:

27 აგვისტოს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ 7-8 მარტის აქციებზე უკანონოდ დაკავებული აქციის მონაწილესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წერილობითი პოზიცია წარადგინა. 

ორგანიზაციის ცნობით, აქციის დაშლისას მომჩივანი, აქციის სხვა მონაწილის მიმართ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა ძალადობრივ ქმედებას ტელეფონით იღებდა და სამართალდამცავებს მოუწოდებდა, რომ არ ეძალადათ აქციის მონაწილეზე, რა დროსაც იგი პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისა ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე დააკავა.

საქმის ერთადერთი მოწმე პოლიციელი იყო, მისი განმარტებით, მომჩივანი დააკავეს იმის გამო, რომ ის არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას გაეთავისუფლებინა გზის სავალი ნაწილი, მაშინ როდესაც მომჩივანი ტროტუარზე გადაადგილდებოდა.

"მომჩივანმა 35 საათზე მეტი გაატარა დროებითი მოთავსების იზოლატორში, ხოლო სახელმწიფოს არ დაუსაბუთებია დაკავების ვადის გახანგრძლივების მიზეზები. ამ საკითხით არც მოსამართლე ნინო შჩერბაკოვი დაინტერესდა და არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე  ნინო შარაძე

მომჩივანის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემა, 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე განხორციელდა, რის შედეგადაც მას 2000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა. აღსანიშნავია, რომ სასამართლოების მიერ მიღებული დადგენილებები შაბლონური სახისაა და არ ითვალისწინებს საქმის ინდივიდუალური გარემოებების სათანადო ანალიზს. აღნიშნულ გარემოებას საია რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე დაკავებულ სხვა პირებზე მიღებული დადგენილებებით ადასტურებს, თითოეულ დადგენილებაში ვხვდებით სრულიად იდენტურ მსჯელობას, რომლებშიც მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მიჩნეულ პირთა სახელი და გვარები იცვლება", - წერს ორგანიზაცია.

საია წერს, რომ 2024 წლის 5 ივნისს საქართველოს მთავრობამ ევროსასამართლოში გაგზავნილ საჩივარზე წერილობითი პოზიცია წარადგინა - "წარდგენილი მოსაზრებით საქართველოს ხელისუფლებამ დარღვევები არ აღიარა და მიუთითა, რომ საჩივარი არ არის დასაბუთებული, მაშინ როდესაც საქმეში ვხვდებით უფლების დარღვევის ვიდეო მტკიცებულებებს".

2024 წლის 27 აგვისტოს წარდგენილ პოზიციაში საია განმარტავს, რომ მოპასუხე მხარემ სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს პასუხი არ გასცა. დამატებით, საიამ სასამართლოს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია რუსული კანონის მიღებასა და მასთან დაკავშირებულ პროცესებთან დაკავშირებით, და ყურადღება, სხვა დანარჩენთან ერთად, გაამახვილა შემდეგ დეტალებზე: 

  1. მთავრობის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არის ურთიერთგამომრიცხავი და მოპასუხე მხარემ ვერც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე ვერ შეძლო ნეიტრალური მტკიცებულებების წარმოდგენა; 

  2. აქციის დაშლისას მომჩივანის დაკავების მიზეზს წარმოადგენდა ის, რომ იგი სხვა პირის მიმართ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა სავარაუდო ძალადობრივ მოპყრობას ტელეფონით იღებდა და სამართალდამცავებს მოუწოდებდა, რომ არ ეძალადათ აქციის მონაწილეზე; 

  3. აქციის დაშლა არ იყო კანონიერი, არ ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს და ვერ აკმაყოფილებდა აუცილებლობის სტანდარდს. დამატებით, მთავრობამ, ურთიერთგამომრიცხავ მტკიცებულებებთან ერთად, წარმოადგინა სრულიად სხვა დღის ამსახველი სატელევიზიო რეპორტაჟები, რითაც მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია და პირიქით ნათელი გახდა, რომ მომჩივნის წინააღმდეგ რაიმე სახის მტკიცებულება არ არსებობს;  

  4. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამხრე კამერის ჩანაწერების წარუდგენლობა, ეროვნული სასამართლოებისათვის სულ მცირე უნდა ბადებდეს ეჭვს პოლიციელის ჩვენების სანდოობასთან მიმართებით.  

ვითარება რუსთაველის გამზირზე | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი