კლანმა კლანი გააძლიერა | იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 27 ახალი მოსამართლე დანიშნა

გამოქვეყნდა:

დასანქცირებული კლანის მიერ მიტაცებულმა სასამართლომ და მისმა იუსტიციის უმაღლესმა  საბჭომ  27 ახალი მოსამართლე დანიშნა. ფიცის დადების ცერემონია 26 დეკემბერს გაიმართა.
 
მოსამართლის თანაშემწე,  სხდომის  მდივანი,  იუსტიციის  უმაღლესი სკოლის მსმენელი   - ასე გამოიყურება ახალი მოსამართლეების ბიოგრაფია, რომლებიც კლანის გადაწყვეტილებით მოსამართლეებად აირჩიეს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ  27 მოსამართლე  ისე დანიშნა,  რომ უცნობია ჩატარდა თუ არა გასაუბრებები. პროცესმა გაუმჭვირვალედ ჩაიარა. მოსამართლეების ფიცის  დადების ცერემონიაზე გადაღებული ფოტომასალა  საბჭომ ოფიციალურ გვერდზე   რამდენიმე დღის დაგვიანებით გაავრცელა. ღონისძიება   ჩუმად გაიმართა,  ახალბედა  მოსამართლეების დანიშვნის პროცესს  მხოლოდ   კლანის ლიდერები და ის პირები  ესწრებოდნენ, რომელიც სისტემამ მოსამართლეებად დანიშნა.

ახლადდანიშნული  მოსამართლეების შესახებ საჯარო წყაროებში ბევრი არაფერია ცნობილი. გამოსაცდელი ვადით  გამწესებული მოსამართლეები წლების განმავლობაში  ან მოსამართლის თანაშემწეებად ან სხდომის მდივნის პოზიციაზე მუშაობდნენ.  კლანის გადაწყვეტილებით ახლა ყველა მათგანი მოსამართის მანტიას მოირგებს. 

რა ნიშნით შეარჩია იუსტიციის  უმაღლესმა საბჭოს 27 ახალი მოსამართლე?  ამ კითხვაზე პასუხების მიღება თავად საბჭოს წევრებისგან გვსურდა, თუმცა ადგილზე არავინ დაგხვდა. დაცვის სამსახურმა  გვითხრა,  რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების სამუშაო დრო დილით არ იწყება. რამდენიმეს ტელეფონზე დავურეკეთ, თუმცა მათ ზარებს არ უპასუხეს.  

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როგორც წესი, უვადო მოსამართლეებად  ნიშნავს  ყველა იმ  მოსამართლეს,  რომლებიც 3 წლიან გამოსაცდელ ვადაში იმყოფებიან და მანამდე მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება არ ჰქონიათ. ამ პრინციპით დაინიშნნენ ის მოსამართლეებიც, რომლებიც საარჩევნო დავებსა და  სასტიკად ნაცემი ახალგაზრდების საქმეებს განიხილავენ.  

მათ შორისაა ზვიად ცეკვავა, რომელმაც სამოსამართლეო საქმიანობა 1 ოქტომბრიდან შეუდგა  და ციხეში არაერთი ახალგაზრდა გაუშვა ან დააჯარიმა. იურისტების განმარტებით,  ცეკვავას ქეისი საკმარისია იმის საჩვენებლად, რის გამო ნიშნავს სასურველ კადრს კლანი სასამართლოში. მოსამართლე ცეკვავა სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევის გამო პოსტზე განწესებიდან ზუსტად თვენახევარში ესტონეთმა დაასანქცირა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში სასამართლო სისტემის კონსტიტუციური ორგანოა, რომელიც მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში საბოლოო სიტყვას ამბობს ან, სულ მცირე, კანდიდატებს წარადგენს. ამ ქვეყნებში კონსტიტუცია ადგენს, რომ საბჭოს ფუნქციაა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა, ასევე მისი დაცვა ზემოქმედების გარე და შიდა საფრთხეებისაგან.  როგორ მუშაობს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოში? იურისტების თქმით,  საბჭო  სრულად კლანის გავლენის ქვეშაა, შესაბამისად  ისეთი გადაწყვეტილებები მიიღება, რაც  კლანს სურს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი