წინასაარჩევნო პერიოდში კომუნიკაციების კომისიამ და სასამართლომ კრიტიკული ტელევიზიები უსამართლოდ დააჯარიმა | TI

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ეხმაურება წინასაარჩევნო პერიოდში კომუნიკაციების კომისიისა და სასამართლოს მიერ კრიტიკული ტელევიზიების დაჯარიმებას. საქმე ეხება "ოცნების" წინასაარჩევნო რეკლამის ეთერში არ გაშვებას. 

ორგანიზაციის შეფასებით, რეკლამაში "უკიდურესად არაეთიკურ, არაკეთილსინდისიერ და შეცდომაში შემყვან კონტექსტში არიან ასახული არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები".

TI მოუწოდებს "ოცნებას" - შეწყვიტოს სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის კამპანია და მისცეს საშუალება კრიტიკულ მედიას შეუფერხებლად გააგრძელოს ფუნქციონირება წინასაარჩევნო პერიოდში. ასევე მოუწოდებს სამთავრობო მედიებს, შეწყვიტონ სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის კამპანიებში მონაწილეობა და მოხსნან ეთერიდან აღნიშნული ვიდეორგოლები.

"კანონის მოთხოვნებისადმი შეუსაბამობის საფუძვლით ტელეკომპანია „მთავარმა“ უარი თქვა რეკლამის სამაუწყებლო ბადეში განთავსებაზე, ხოლო „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ მალევე ამოიღეს ის ეთერიდან. ამის გამო კომუნიკაციის კომისიამ და მოგვიანებით სასამართლომ თითოეული ტელეკომპანია 5000 ათასი ლარით დააჯარიმა.

გარდა ამისა, ტელეკომპანიების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანიებმა სასამართლოს დადგენილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, 19 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიამ განმეორებით იმსჯელა ამ საკითხზე და ტელეკომპანიებს კიდევ ერთი სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. სავარაუდოდ, სასამართლო თითოეულ ტელეკომპანიას დამატებით არანაკლებ 10 000 ლარით დააჯარიმებს.

სარეკლამო ვიდეორგოლში ფრაზის „უთხარი არა საზოგადოების მორალურ გადაგვარებას“ ფონზე ჩნდება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და სხვა პირების ფოტოებისგან შემდგარი კოლაჟი.  ვიდეორგოლი მასში ასახულ ადამიანებს აქცევს სიძულვილის ჯგუფების სამიზნედ და აქეზებს მათ მიმართ ძალადობას, რაც საფრთხეს უქმნის მათ პირად უსაფრთხოებას, რის გამოვლინებასაც არაერთხელ ჰქონია ადგილი ადრეც, მათ შორის, ახლო წარსულში.

მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ისიც, რომ რეკლამა სამაუწყებლო ბადეში განთავსებულია უფასო წინასაარჩევნო რეკლამის სტატუსით, რაც გულისხმობს მისი ეთერში გადაცემის მაღალ ინტენსივობას, რაც სრულიად არარეალურს ხდის სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან რეკლამაში გამოთქმულ ბრალდებებზე პროპორციული პასუხის გაცემის შესაძლებლობას. გასათვალისწინებელია, რომ რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” და „საქართველოს ევროპული ორბიტა”, ასევე ჩართული იქნება 26 ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგშიც.

მიგვაჩნია, რომ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლების ქართული ოცნების საარჩევნო ვიდეოში გამოყენება მიზნად ისახავს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგ მმართველი პარტიის მიერ კოოდინირებული და დაგეგმილი კამპანიის გაგრძელებას და სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვას. ხოლო, კომუნიკაციების კომისიისა და სასამართლოს გადაწყვეტილებები ფინანსურ დარტყმას აყენებს კრიტიკულ მედიას", - წერია განცხადებაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" და "საქართველოს ევროპულმა ორბიტამ" საჩივრებით მიმართეს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას "ქართული ოცნების" მიერ განთავსებული რეკლამების არსებული სახით სამაუწყებლო ბადიდან მოხსნის მოთხოვნით. "საქართველოს ევროპულმა ორბიტამ" ასევე მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი