პროკურორის თქმით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლა ჰქონდა განზრახული

გამოქვეყნდა:

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლა ჰქონდა განზრახული. ამის შესახებ საქმის პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან, ტაქსის მძღოლის ჩვენების საფუძველზე განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ბრალდებული დასავლეთის მიმართულებით ტაქსით გაემგზავრა და ტაქსის მძღოლის ჩვენების მიხედვით, ბრალდებული ეკითხებოდა მას, რამდენად იყო შესაძლებელი საქართველოს ტერიტორიის დატოვება.

"უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის დაკავშირებული საჰაერო საზღვრის კვეთასთან. ის მიდიოდა სენაკში, საიდანაც არის წარმოშობით და შემდგომ, ტაქსის მძღოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სურდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლა“, - განაცხადა პროკურორმა.

ნიშნიანიძის განმარტებით, მკვლელობა ჩადენილი არის არა მარტო განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ გენდერის ნიშნით, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რასაც მოწმეების ჩვენება და გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდების მხარის მიერ დასაბუთებული იქნა პატიმრობის გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხი. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ გამოძიებასა და მოპოვებულ მტკიცებულებებს, უნდა აღინიშნოს, რომ გამოძიებას ამ ეტაპზე გამოკითხული ჰყავს ათეულობით მოწმე, ჩატარებული აქვს ათეულობით საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგად მიღებულია მნიშვნელოვანი ინფორმაციები, მათ შორის, ამოღებულიაა ვიდეო ჩანაწერები, ჩატარებულია ექსპერტიზები და ამოღებულია ის ნივთიერი მტკიცებულებები, რომელშიც, შესაძლოა, ინახებოდეს საქმისათვის გარკვეული მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ფაქტორები.

უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ სოციალურ ქსელში კესარია აბრამიძის მიერ ბრალდებულისა და მისი ფოტო-სურათების გავრცელება იყო ბრალდებულის თანხმობის საფუძველზე იმის სანაცვლოდ, რათა ბრალდებული შეხვედროდა კესარია აბრამიძეს და სისრულეში მოეყვანა ის განზრახვა, რაც მას განზრახული ჰქონდა მაშინ, როდესაც შეიძინა დანა თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე. ბრალდებულს წინასწარ განზრახული ჰქონდა მისი მოკვლა, რაც მოიყვანა კიდეც სისრულეში.

განზრახვას ადასტურებს თუნდაც ეს ერთი ფაქტობრივი გარემოება, რაზეც მიგანიშნეთ, განზრახვას ადასტურებს ასევე ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენება, რომელიც გამოკითხვის ოქმშია და მის მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების აუდიო-ვიდეო ამსახველი ჩანაწერი, სადაც ის აღიარებს და ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სურდა, სიცოცხლე მოესპო მისთვის“, - განაცხადა პროკურორმა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი