კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმის პროკურორი, გრიგოლ ნიშნიანიძე აცხადებს, რომ ბექა ჯაიანის მიერ მკვლელობა ჩადენილი არის არა მარტო განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ გენდერის ნიშნით და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.
"გამოძიება გრძელდება, საგამოძიებო ორგანოს ჩასატარებელი აქვს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. შესამოწმებელია ყველა ის ვერსია, რაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იქნა გაჟღერებული. დარწმუნებული ვართ, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, მოპოვებული მტკიცებულებებით, სასამართლო მიიღებს გამამტყუნებელ განაჩენს და საკადრის პასუხს გასცემს კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობას და უვადო თავისუფლების აღკვეთას განუსაზღვრავს ბრალდებულს.
მკვლელობა ჩადენილი არის არა მარტო განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ გენდერის ნიშნით და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით. ეს ნიშნავს იმას, რაც დადასტურებულია, მოწმეები განმარტავდნენ, რომ ბექა ჯაიანმა იცოდა, რომ გარდაცვლილი იყო ტრანსგენდერი ქალი და ამავდროულად მას არ აძლევდა პირადი ცხოვრებით სარგებლობის უფლებას, არ აძლევდა სხვა პირებთან ურთიერთობის უფლებას, რის გამოც გამოიკვეთა როგორც გენდერის ნიშანი, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი," - განაცხადა გრიგოლ ნიშნიანიძემ.