ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის დაკავებული მოზარდის საქმე | "მთავარისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი

გამოქვეყნდა:

რატომ გაიმეტა სკოლის მოსწავლემ მოსაკლავად პენსიონერი? ხაშურში მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით,  “მთავარისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი.  საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. 

ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ 14 წლის გოგომ 74 წლის ტაქსის მძღოლი შურისძიების მოტივით მოკლა, თუმცა ამ ვერსიას არ ეთანხმება ადვოკატი. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე არ დასახელებულა. 

დაცვის მხარე ამბობს, რომ ბრალდებული თავადაა მსხვერპლი და ამ გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა მის მიმართ უკანონო საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. 

"სიმართლე არის ის, რაც დაადასტურა გამოძიებამ. არანაირ ყაჩაღობას, არანაირ ანგარებით მოტივს და არანაირ უმიზეზო ქვენაგრძნობით ხულიგნურ მკვლელობას ადგილი არ ჰქონია. საჭესთან იჯდა ის პირი, რომელიც იჯდა - გარდაცვლილი, სწორედ მან მიიყვანა არასრულწლოვანი იმ მიყრუებულ, დაუსახლებელ ტერიტორიაზე, სადაც მიიყვანა...

ადგილი ჰქონდა არსებით პროცესუალურ დარღვევებს. კერძოდ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის  52-ე მუხლის დარღვევით გამოკითხვას. გამოკითხვის უდიდეს ნაწილს არ ესწრებოდა კანონიერი წარმომადგენელი, რაც არის დიდი დარღვევა. აგრეთვე, ასე ვთქვათ, პოლიციის მიერ, მიწვევით იყო ჩანერგილი კონკრეტული პროცესუალური აქტორო" ამბობს არასრულწლოვანის ადვოკატი. 

ერთ-ერთი ვერსიით, ტაქსის მძღოლი ბრალდებულზე სექსუალურად ძალადობდა, თუმცა ამ შეკითხვას ადვოკატი ამ ეტაპზე არ პასუხობს.

პროკურორი კი აცხადებს, რომ არასრულწლოვნისა და საქმის ინტერესებიდან გამომდინარე ბრალდების მხარე საქმის დეტალურ განხილვაში ვერ შევა - "ჩვენ შეგვილია გითხრათ მხოლოდ ის, რომ არასრულწლოვანს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა , რომელიც მან ჩაიდინა შურისძიების ნიადაგზე" თქვა საქმის პროკურორმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. 

ცნობისთვის, მკვლელობა ხაშურის გარეუბანში მიმდინარე წლის 21 აგვისტოს მოხდა. ბრალდებული გ.ყ არასრულწლოვანია. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ასაკის მხედველობაში მიღებით,  10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი