საერთაშორისო რესპულიკური ინსტიტუტის (IRI) ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასების გუნდი საქართველოში ჩამოდის.
ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და გამოცდას ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. IRI-ს მისია ყურადღებას გაამახვილებს იმ საკვანძო საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის სრულყოფისთვის, მათ შორის როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, მედიის თავისუფლება და გამჭვირვალობა, პოლიტიკური პარტიების კამპანია და დაფინანსება. გარდა ამისა, მისია ყურადღებას გაამახვილებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ამომრჩევლის უსაფრთხოების დასაცავად შემოღებული ზომების შესრულებაზე, - ამბობს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორი, სტივენ ნიქსი.
შეფასების მისია საქართველოში ჩამოდის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევის საფუძველზე. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) დაახლოებით 25 წელია საქართველოს პარტნიორია და ბოლო ათწლეულის განმავლობაში თითქმის ყველა არჩევნებს დააკვირდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კორონავირუსისი პანდემიასთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინებით, IRI-მ მიიღო უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა, რომლებიც თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებთან.
ცნობისთვის, 31 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გავლენიანი ორგანიზაციებო - NDI და IRI წლევანდელ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ NDI-დისტანციურად, IRI კი ადგილზე დააკვირდება 31 ოქტომბრის არჩევნებს.