"ქართულმა ოცნებამ" კრიტიკულ მედიას კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში უჩივლა. ოლიგარქის პარტია იმ საარჩევნო ვიდეორგოლების ეთერში გაშვებას ითხოვს, სადაც რუსეთის მიერ დაბომბილი უკრაინული ქალაქებია ნაჩვენები და რომელსაც "ოცნების" ხელისუფლება პროპაგანდისტული მიზნებით, ხელისუფლების შესანარჩუნებლად იყენებს და მოსახლეობის დაშინებას ცდილობს.

შეგახსენებთ, "მთავარმა არხმა", "ფორმულამ" და "ტვ პირველმა" აღნიშნული ვიდეორგოლის ეთერში გაშვებაზე უარი თქვეს და ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს

კომუნიკაციების კომისიაში სხდომა 9 ოქტომბერს გაიმართება. 

ცნობისთვის, ცესკო-ში უკვე შევიდა სამივე ტელეკომპანიის საჩივარი, რომლითაც ტელევიზიები ითხოვენ საარჩევნო ადმინისტრაციამ დაადგინოს - არღვევს თუ  არა "ქართული ოცნება" მაუწყებლობის შესახებ კანონს. 

საჩივარში დეტალურადაა ახსნილი  იმ გადაწყვეტილების მიზეზი, რის გამოც "ოცნების" არაეთიკური წინასაარჩევნო რეკლამები ჩვენს  ეთერში არ გადის.

"ქართულმა ოცნებამ შეიტანა საჩივარი ჩვენი, "ფორმულასა" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ რაც მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ჩვენ სამმა არხმა უარი ვთქვით, ომის პროპაგანდაზე და ქართული ოცნების პროპაგანდისტული რეკლამის განთავსებაზე. თუმცა სანამ კომისიიდან მოგვივიდოდა შეტყობინება სხდომის ჩანიშვნის თაობაზე, მანამდე "მთავარმა არხმა" ცესკოში თავად უჩივლა ქართულ ოცნებას, ვინაიდან რეკლამის შინაარსზე სწორედ რეკლამის დამკვეთია პასუხისმგებელი და ამგვარი რეკლამა არღვევს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ აგიტაციის წესებს. ამიტომ საინტერესო იქნება ცესკო რა რეაგირებას გააკეთებს და იმოქმედებს თუ არა სწრაფად ვინაიდან პირველ რიგში დასადგენი იქნება რეკლამა არის თუ არა კანონსაწინააღმდეგო და სწორედ ცესკომ უნდა მიიღო პირველად გადაწყვეტილება, ხოლო შემდგომ უკვე კომისიამ უნდა თქვას ამგვარი დარღვევა იყო თუ არა ჩვენი მხრიდან. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ან ცესკო ან კომუნიკაციის კომისია არხების სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას, აუცილებლად ქართული ოცნების სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინაიდან ასე ხდება ყოველთვის. აღნიშნული ორგანოები პირდაპირ ბმაში არიან მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან და ისინი არ არიან დამოუკიდებლები, თუმცა ჩვენ მაინც ვაპირებთ სამართლებრივ ბრძოლას, იმისათვის რომ დადოკუმენტირდეს ეს ყველაფერი და ფაქტებით იყოს დადასტურებული და ისტორია შეიქმნას, თუ ვინ არღვევდა კანონს და ვინ ქმნიდა ისეთ საარჩევნო გარემოს, როდესაც იდევნებოდა მედია კანონის დაცვის გამო" განაცხადა "მთავარი არხის" იურისტმა თამთა მურადაშვილმა. 

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი