
ლაგოდეხში კორონავირუსით სამი თვის ჩვილი დაინფიცირდა. ბავშვის ინფიცირების წყარო სავარაუდოდ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია. ჩვილი დედამ აჭარიდან-კახეთში რამდენიმე კვირის წინ ჩაიყვანა. ბავშვს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, ტესტირების შემდეგ კი კოვიდ 19 დაუდგინდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის ყველა წევრი თვითიზოლაციაშია, აქვს თუ არა კორონავირუსი ჩვილის დედას ეს დღეს გახდება ცნობილი.
კორონავირუსი დაუდასტურდა ქობულეთში, სამკერვალო ფაბრიკა „აჭარატექსტილის“ ხუთ თანამშრომელსაც, რის გამოც საწარმომ რამდენიმე დღით მუშაობა შეწყვიტა.
ახალი მონაცემები ინფიცირებულთა შესახებ რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. ამ დროისათვის კი ქვეყანაში კოვიდ 19-ის 4140 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1643, ხოლო გარდაცვლილია 25 პაციენტი.