სთენდაფერი ონისე ცხადაძე ამბობს, რომ ჩხრეკა, რომელიც დილიდან მის სახლში ჩატარდა, იმ კომპანიის საქმიანობას უკავშირდება, რომელშიც მისი ძმა მუშაობს. ცხადაძის თქმით, არ მიეცათ ადვოკატთან დარეკვის საშუალება და მისივე ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიაც საქართველოში თავის დროზე, ივანიშვილმა შემოიყვანა:
"დილით იყვნენ შემოსულები ჩემს სახლში. 8 საათზე. პირდაპირ კარი გააღეს, შემოვიდნენ , ანუ კარი ღია იყო...განჩინება წააკითხეს ჩემ ძმას. მის სამსახურთან დაკავშირებით არის ადამიანი ეჭვმიტანილი, თუ ბრალდებული, მგონი დაკავებულიც ჰყავთ უკვე ის ადამიანი და მაგასთან დაკავშირებით არის ეს ამბავი. მე მგონი, სამსახურშიც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა. ზუსტად არ ვიცი, გერმანული, თუ ამერიკული კომპანიაა, რომელზეც გავიგე, რომ სხვათა შორის, ბიძინას შემოყვანილია თავის დროზე საქართველოში და მის კომპანიაში თუ რამე დანაშაული ხდება, ჩემი ძმა რა შუაშია?
ადვოკატთან არ დაგვარეკინეს არ შეიძლებაო. ტელეფონი დამადებინეს, არ გადამაღებინეს, თუ რამე ტექნიკა იყო სახლში ყველაფერი წაიღეს. ჩემი ტელეფონის გარდა. ჩემი ლეპტოპიც წაიღეს, იქნებ შენია შენი ძმის არააო, რა ვიცითო - ჩემ ძმას უთხრეს. " ამბობს ონისე ცხადაძე "მთავარ არხთან".
ცხადაძის ინფორმაციით, სამართალდამცველები მის ძმას გამოკითხავენ.
შეგახსენებთ, ამერიკულ კომპანია "კონცეტრიქსში" საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა რას უკავშირდება ეს ყველაფერი, ოფიციალური ინფორმაცია სამართალდამცავ უწყებებს არ გაუვრცელებიათ.