შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიბერდამნაშავეთა ჯგუფი გამოავლინა. დაკავებულია 2 პირი. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ოზურგეთში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 28 აპრილს და 6 ივნისს, ტ.ც.-მ მის მიერ კუსტარულად აწყობილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით მოახერხა ქალაქ სენაკსა და ქალაქ ზესტაფონში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატების პროგრამული უზრუნველყოფის გასაღების, ე.წ. „დონგლის“ კოდის გაწერა. მან, კუსტარული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით, ონლაინ ტოტალიზატორის მის მიერვე შექმნილ, არავერიფიცირებულ და ერთ-ერთი მომხმარებლის ვერიფიცირებულ ანგარიშებზე თაღლითური გზით გადარიცხა 7000 ლარი. აღნიშნული თანხის ნაწილი - 2000 ლარი ტ.ც.-მ წინასწარი შეთანხმებით, ამავე ონლაინ ტოტალიზატორის მომხმარებელ ო.ჩ.-სთან ერთად გაანაღდა. მეორე ნაწილი კი - 5000 ლარი ტ.ც.-მ ქობულეთში მდებარე ერთ-ერთი ბანკომატიდან თავად გამოიტანა- აცხადებენ შსს-ში
დანაშაულები 3-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, საბანკო პლასტიკური ბარათები და სიმბარათები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 286-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.