"იაკობს დასამალი არაფერი აქვს" - პროკურატურა ფოტოგრაფისგან მამხილებელ ჩვენებას ელოდება

გამოქვეყნდა:

მცხეთის სასამართლოში უკვე რამდენიმე საათია გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის ოქროს მოწმეს- იაკობ ბრეგვაძეს კითხავენ. ბრეგვაძე პროცესზე ტრადიციულად კომენტარის გარეშე შევიდა. 

საქმეზე ბრალდებულების ადვოკატებს ბრეგვაძესთან დღეს ბევრი კითხვა ექნებათ. ისინი ამბობენ, რომ ფოტოგრაფის აქამდე არსებული ჩვენებები, რომელიც საქმეში დევს, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. უფლებადამცველებს აინტერესებთ ყველა დეტალი ნარეკვავის აგარაკზე დაწყებული ჩხუბიდან, ხიდის ეპიზოდის ჩათვლით.

გარდა ამისა, ადვოკატებს აინტერესებთ, რატომ არ მოუყვა ბრეგვაძე მის მიერვე გამოძახებულ პოლიციას მომხდარის შესახებ და რატომ არ უთხრა, რომ არსებობდა დიდი საფრთხე.

​ადვოკატების თქმით, იაკობ ბრეგვაძე ვერ დაადასტურებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტს, რასაც მათი დაცვის ქვეშ მყოფებს ედავებიან.

განსხვავებული მოლოდინი აქვს პროკურატურას. საქმის პროკურორს იმედი აქვს, რომ ფოტოგრაფი დღეს "მამხილებელ ჩვენებას მისცემს".

თავად იაკობ ბრეგვაძის ადვოკატი, ირმა ჭკადუა კი ამბობს, რომ "იაკობს დასამალი არაფერი აქვს"

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 6 არასრულწლოვანს ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული

პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  

ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი