"ოცნების" შედეგი 44,4%-ზე მეტი ვერაფრით გამოდის; 53,6% სტატისტიკურად შეუძლებელია" | როგორ ხსნიან მონაცემთა ანალიტიკოსები ეგზიტპოლებისა და ცესკო-ს შეუსაბამობებს?

გამოქვეყნდა:

საარჩევნო ექსპერტები და მონაცემთა ანალიტიკოსები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით აცხადებენ რომ პროცესს მანიპულაციის გარეშე არ ჩაუვლია. ანალიტიკოსები გადანაწილებული ხმების გრაფიკულ გამოსახულებაში კანონზომიერებიდან გადახრებს ამჩნევენ და ვარაუდობენ, რომ ეს არჩევნების გაყალბების ირიბი მტკიცებულებაა.  

მონაცემთა ანალიტიკოსი, რომან უდოტი ამბობს, რომ  ეს სავარაუდოდ ის მექანიზმია, რომელიც რუსეთმა 2020 წელს რეფერენდუმზე გამოიყენა. 

კომპანია HarrisX, რომელმაც საპარლამენტო არჩევნების დროს ეგზიტპოლი "მედიის თავისუფლების ფონდის" დაკვეთით ჩაატარა, აცხადებს, რომ ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები სტატისტიკურად აუხსნელ შეუსაბამობებს მოიცავს და ვერ აიხსნება სულ მცირე 172 523 ხმა, რომელიც ცესკოს მიხედვით პარტია "ქართულმა ოცნებამ" მიიღო. მათ მიერ შესწავლილი 27 ოლქი კი საერთო რაოდენობის 37%-ია და სავარაუდოა, რომ სხვა ოლქებზეც მსგავსი ტენდენციაა. 

"ჩვენ ჩავატარეთ მასშტაბური ეგზიტპოლი და გამოვკითხეთ 12 000-ზე მეტი ამომრჩეველი. ინფორმაცია, რომელიც ჩვენ შევაგროვეთ გვაძლევს სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოს 11-ვე რეგიონში და თითქმის ყველა საარჩევნო უბანში. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ეს მონაცემები და შევადაროთ ცესკოს მონაცემებს.  როდესაც ეს გავაკეთეთ, აღმოვაჩინეთ დიდი სხვაობები 27 საარჩევნო უბანში. ეს განსხვავებები სტატისტიკურად ვერაფრით აიხსნება. ერთ მაგალითს გეტყვით- მარნეულის შემთხვევაში - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ აიღო 48%. ჩვენი ეგზიტპოლის მიხედვით, 2024 წელს - 40%. მაგრამ ცესკოს მონაცემები გვეუბნება, რომ მათ აიღეს 80%. ასეთი დიდი სხვაობა არის შეუძლებელი სტატისტიკური მოსაზრებით. მსგავსი შემთხვევებია დაფიქსირებული 27 უბანზე და ცესკომ უნდა ახსნას რატომ არის ასეთი დიდი სხვაობა მონაცემებში.

გარდა ამისა, ჩვენ ავიღეთ მონაცემები, რომლებიც გამოაქვეყნა ცესკომ და დავუშვათ, რომ ის ზუსტია. შემდეგ ავიღეთ ჩვენი ეგზიტპოლის შედეგები, რომელიც მივიღეთ 12 000-ზე მეტი ადამიანის გამოკითხვით და დავუშვათ, რომ ისიც ზუსტია. შემდეგ ჩვენ მოვახდინეთ ამ ინფორმაციის კალიბრაცია აქტივობის მონაცემთან, რომელიც ცესკომ გამოაქვეყნა. შედეგად, ვერაფრით გამოდის ეროვნული მასშტაბით ქართული ოცნების შედგები 44.4%-ზე მეტი, 53,6% არის სტატისტიკურად შეუძლებელი და ის მოითხოვს ახსნას ცესკოსგან" ამბობს HarrisX-ის აღმასრულებელი დირექტორი დრიტან ნეშო

კომპანიის ამ განცხადებას გამოეხმაურა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI] დირექტორი. დენიელ თვაინინგი სოციალურ ქსელში იზიარებს ამ ანალიზს და წერს რომ  HarrisX-ის ამ დასკვნის საფუძველზე ქართული ოცნების საბოლოო შედეგი სტატისტიკურად წარმოუდგენელია.

"HarrisX-ის საბოლოო ეგზიტპოლის ანალიზი აჩვენებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგი, რომლის მიხედვით მმართველმა ქართულმა ოცნებამ ხმების 53.96% მოაგროვა, სტატისტიკურად შეუძლებელია." წერს  თვაინინგი 

HarrisX შეერთებულ შტატებში აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე სანდო ეგზიტპოლების სფეროში და თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან მედია გამოცემებთან და სასწავლო დაწესებულებებთან. საქართველოში მოგროვებული მონაცემების დამუშავება კი ჰარვარდის მეცნიერთა ჯგუფის მიერ ხდებოდა.  

"ედისონი 2012 წლიდან ატარებს ეროვნულ ეგზიტპოლს საქართველოში. ედისონის ყველა წინა ეგზიტპოლი დაემთხვა ოფიციალურ მონაცემებს, რომლებიც აჩვენებდა „ქართულ ოცნებას“, როგორც გამარჯვებულ პარტიას. 2024 წლამდე „ქართული ოცნების“ 5 ეგზიტპოლზე საშუალო ცდომილება 2%-ზე ნაკლები იყო." - წერს "ედისონ რისერჩის" აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი რობ ფარბმანი.

კომპანია ედისონმა ეგზიტპოლი ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩაატარა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი