"ოცნებამ" და მისმა კუთვნილმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნები ელექტრონულად 2263 უბანზე ჩაატარა. აპარატები კი სადაც ბიულეტენი შევაცურეთ - კომპანია „სმარტმატიკს“ ეკუთვნის. საქართველოს არჩევნებამდე, „სმარტმატიკის“ სახელი სკანდალში არაერთხელ გაეხვა. მათ შორის ყველაზე ხმაურიანი ფილიპინების 2016 წლის არჩევნები იყო, როდესაც კომპანიის აღმასრულებლებს ქრთამის აღებისა და ფულის გათეთრების ბრალდება წარუდგინეს.
ელექტრონული სისტემით არჩევნების ჩატარებაზე არაერთ ევროპულ ქვეყანას აქვს უარი ნათქვამი, რადგან ამ აპარატებით არჩევნების გაყალბება და მანიპულაცია შესაძლებელია.
ქრთამი და ფულის გათეთრება - ამ მუხლებით წაუყენა ბრალი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა კომპანია „სმარტმატიკის“ რამდენიმე ხელმძღვანელ პირს, მათ ვისაც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები ჩაატარებინა. საქმე 2016 წელს ფილიპინებში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება, რომელშიც ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ავტორიტარმა როდრიგო დუტერტემ გაიმარჯვა. საქმეზე ბრალდებულია:
საბრალდებო დასკვნის თანახმად, კომპანიის მაღალი თანამდებობის პირებმა ფილიპინების საარჩევნო ადმინისტრაციას 1 მილიონი დოლარის ქრთამი გადაუხადეს, რომ მათთან 180-მილიონიანი კონტრაქტი გაეფორმებინათ და ქვეყანას ხმის მიცემის 90 000 აპარატი შეესყიდა. მედიაში გავრცელებული ცნობით, მხოლოდ ერთ აპარატში ფილიპინებმა 10-დან 50-დოლარით მეტი გადაიხადა, რაც ჯამში 4-ნახევარი მილიონი დოლარია. ეს თანხები კი ოფშორულ ანგარიშებში გადაირიცხა.
კომპანიის აღმასრულებლებმა ინვოისებში ხმის მიცემის თითოეული აპარატის ღირებულება ხელოვნურად გაზარდეს; ასევე, შექმნეს ყალბი კონტრაქტები და საბანკო სესხების ხელშეკრულებები, რათა თანხის გადარიცხვები გაემართლებინათ. თანამზრახველებმა აზიაში, ევროპასა და შეერთებულ შტატებში, მათ შორის ფლორიდაში განთავსებული საბანკო ანგარიშების გამოყენებით გაათეთრეს ფული; სქემას საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და 2018 წლამდე გრძელდებოდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ეჭვმიტანილებს მაქსიმუმ 20-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. საქმეს ფლორიდელი გამომძიებლები იძიებენ.
“სმარტმატიკმა“ ამერიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ბრალდება ხმების გაყალბებას არ ეხებოდა და თაღლითობაში ეჭვმიტანილი თანამშრომლები, დროებით დაითხოვეს. მედიის ცნობით, „სმარტმატიკის“ პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდნენ. ფილიპინებში კი არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე მოკვლევა დაიწყო. პოლიტიკოსები „სმარტმატიკს“ საარჩევნო სერვერზე სკრიპტის შეცვლაში ადანაშაულებდნენ. რამაც ხმების მკვეთრი ცვლილება გამოიწვია.
„სმარტმატიკი“ საერთაშორისო ყურადღების ცენტრში პირველად 2004 წელს ვენესუელაში რეფერენდუმის ჩატარებისას მოექცა. ამ შედეგებით, ავტორიტარი ლიდერი უგო ჩავესი ხელისუფლებაში დარჩა. ეს იყო პირველი არჩევნები მსოფლიოში, რომელზეც ბიულეტენებთან ერთად ელექტრონული ტექნოლოგიები გამოიყენეს. საეჭვო გარემოება იყო, ისიც, რომ „სმარტმატიკმა“ და მისმა დამხმარე კომპანია „ბიზტამ“ 91-მილიონიანი კონტრაქტი რეფერენდუმამდე მცირე ხნით ადრე მიიღო. 2006 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოძიება დაიწყო, რათა გაერკვია ჰქონდა თუ არა კავშირი კომპანიას ვენესუელის არადემოკრატიულ მთავრობასთან.
„სმარტმატიკთან ტენდერის გაფორმებით ყველა კმაყოფილი არ იყო. საბჭოს 5 წევრიდან, რომელმაც ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, ჩიოდა, რომ სატენდერო პროცესი ფარულად ჩატარდა. გაირკვა, რომ „ბიზტამ“ მანამდე ვენესუელის მთავრობისგან 200 000 დოლარი აიღო. შედეგად ვენესუელის მთავრობამ კომპანიის წილების 28% დაისაკუთრა, ხოლო ბიზტას საბჭოს წევრად ჩავესის თანამოაზრე დაინიშნა.“
ასე ჩაიშალა ავტორიტარი ლიდერის შეცვლის გეგმა ვენესუელაში. თუმცა მაინც გამოაშკარავდა, რომ კომპანიამ ჩავესის მთავრობისგან 200 000 დოლარი აიღო. ბიზტაში ფულის აღება დაადასტრეს, თუმცა ამტკიცებდნენ, რომ ათასობით დოლარი სესხი იყო და პირობაც დადეს, რომ თანხას ბოლომდე დაფარავდნენ...
ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით „სმარტმატიკს“ მრავალმილიარდიანი დავა აქვს ამერიკულ ტელეარხ „ფოქსთან“. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის პირადი ადვოკატი ამტკიცებდა, რომ „სმარტმატიკი“, - რომელსაც „უგო ჩავესის დაფუძნებულს“ უწოდებდა, ტრამპის საწინააღმდეგოდ არჩევნების გაყალბებაში იყო ჩართული.
საქართველოში ცესკოსა და „სმარტმატიკს“ შორის ხელშეკრულება 2023 წლის აგვისტოში გაფორმდა. კონსოლიდირებულ ტენდერში Smartmatic-მა გაიმარჯვა, სადაც ერთადერთი პრეტენდენტი იყო. ტენდერის მიხედვით, საქართველოს 55 მილიონი ლარი უნდა გადაეხადა.
ცესკო ირწმუნებოდა, რომ გასული წლის 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნების შემდეგ სმარტმატიკის აპარატები მსოფლიოში ცნობილმა აუდიტორულმა ფირმამ შეამოწმა, რაზე დაყრდნობითაც ცესკო აპელირებდა, რომ ელექტრონული აპარატები გამართული და უსაფრთხოა. თუ ოფიციალურ საიტს გადავამოწმებთ, აღმოვაჩენთ, რომ ეს ვითომ აუდიტორული ფირმის საიტი საერთოდ არ არსებობს.
ელექტრონული ხმის მიცემის სისტემასთან დაკავშირებით ბევრი ეჭვი არსებობს. არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიები და მოქალაქეები ერთად აგროვებენ. „სმარტმატიკი“ ვებგვერდზე წერს, რომ საქართველოს დღეს არჩევნების მოდერნიზაციის წარმატების ისტორია აქვს და ეს ხდება მაშინ, როცა შედეგებს მსოფლიოში არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო აღიარებს. ამავდროულად ოლიგარქის გუნდი ე.წ. გამარჯვებას ვერ ზეიმობს, რადგან კარგად იციან, რომ სრულ იზოლაციაში - მხოლოდ რუსეთის, ბელარუსის, ნაკირაგუასა და ვენესუელას იმედად დარჩნენ.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე