19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში ამ დროისთვის პარალელურად ორი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
პირველ სხდომაზე 6 არასრულწლოვანის საკითხს განიხილავენ სადაც მოწმის სახით ვახო ახვლედიან გამოკითხავენ. სხდომას არა მოწმის სტატუსით დაესწრება "დიჯეი კოკო". ახვლედიანის ადვოკატის, კახა წერეთლის განცხადებით, ახვლედიანი მის მიერ მიცემულ ჩვენებას დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს.
რაც შეეხება დეტალებს, ვინაიდან საკითხი არასრულწლოვანთა ბრალდების საქმეს ეხება, თან სასამართლო პროეცესი დახურულია, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, - თქვა ადვოკატმა.
საქმის პროკურორის თქმით, ახველდიანის გარდა სხვა მოწმე პროცესზე გამოცხადებული არ არის.
პარალელურად მიმდინარე 11 სრულწლოვანის პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. მათგან 3 ე.წ. საბურთალოელებს წარმოადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, ადვოკატები საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს დააყენებენ.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული
შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული, თუმცა 11 დაკავებულის საქმე პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყო.
მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ, რაც 4-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
11 აგვისტოს კი პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 5 პირს - ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს, ზ.ხ-ს, ა.ქ-ს. და ვახტანგ ჩიქოვანს ბრალი დაუმძიმა.
ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.