დავით ფურცხვანიძის დაკავების შემდეგ, მტკიცებულებების ფალსიფიცირებისა და გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებშიბრალის წარდგენას მიხეილ რამიშვილი ელოდება.
რამიშვილი ამბობს, რომ ფურცხვანიძის დაკავების მიზეზი ერთია - პროკურატურას თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ჩაფარცხვა უნდა.
სამართლებრივი დევნა შესაძლოა ფურცხვანიძის შვილის წინააღმდეგაც დაიწყოს, რომელსაც გამოძიების მტკიცებით მამამ 2019 წლის სატელიტის ფოტოების დამონტაჟება სთხოვა.
პროკურატურაში დღეს ისიც თქვეს, რომ "სპუტნიკ ჯორჯიას" ერთ-ერთ დამფუძნებელს ანგარება ამოძრავებდა და საკუთარი ორგანიზაციის გაპიარება სურდა, თან სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებისგან დაფინანსების მიღებას ელოდა და ამ მიზნით ანგარიშებიც გახსნა. პროკურატურაში ამბობენ, რომ ახლა არკვევენ რუსული ფულით დაფინანსებული სააგენტოს ხელმძღვანელი ვისგან ელოდა თანხების გადარიცხვას.
ფურცხვანიძის ოჯახის წევრები საჯაროდ არ საუბრობენ, კითხვებს არ პასუხობს არც ფურცხვანიძის შვილი, რომელსაც გამოძიება ფაქტობრივად დანაშაულის თანამონაწილედ ასახელებს.
ადვოკატი, კი რომელიც დილით ფურცხვანიძეს იცავდა და მასთან წინასწარი დაკავების იზოლატორშიც იმყოფებოდა, საღამოს შეცვალეს. მიზეზი არავის განუმარტავს. გიგა სვანაძემ მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
დავით ფურცხვანიძე დაკავებამდე ღიად აცხადებდა, რომ თვის ბოლოს ქვეყნიდან ამერიკაში გამგზავრებასა და იქიდან სატელიტის ახალი ჩანაწერების ჩამოტანას აპირებდა. ადვოკატ ეკა ქობესაშვილის თქმით, გამოძიებამ დაკავებით მას სიმართლის მტკიცების უფლება შეუზღუდა.
დავით ფურცხვანიძე რომ ქვეყნის დატოვებას გეგმავდა პროკურატურისთვისაც იყო ცნობილი, სწორედ ამიტომ, ახლა სასამართლოს მისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავენ. ბრალს მას ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ფურცხვანიძეს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გამოძიება სხვა პირების ბრალეულობის დადგენის მიზნით გრძელდება. პროკურატურაში არ გამორიცხეს, რომ მძიმე დანაშაულის ბრალდებით კიდევ რამდენიმე პირი გასამართლდეს.