ახმეტაში, სოფელ ოჟიოში, 3 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება უკვე 4 თვეა მიმდინარეობს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ავტომობილი რომელის მძღოლმა სავარაუდოდ ვეღარ დაიმორჩილა ჯერ განათების ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი ერთ-ერთი სახლის ღობე დააზიანა. შემთხვევისას მანქანაში სამი ახალგაზრდა იმყოფებოდა, ერთი 21 წლის ცოტნე ხარატიშვილი ადგილზე დაიღუპა. ის გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ნუნუ ნემსიწვერიძის შვილი იყო
გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 21 წლის შმაგი რამაზაშვილი, რომელიც მანქანას მართავდა, თუმცა შესაძლოა ამ საქმეზე ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.
მოსამართლე ნემსიწვერიძეს შვილის დაღუპვის ოფიციალური ვერსიის არ სჯერა და ეჭვობს რომ 21 წლის ცოტნე ხარატიშვილი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ავარიის ინსცენირება მოაწყვეს.
შესაბამისი განცხადებით ნუნუ ნემსიწვერიძემ თელავის რაიონულ პროკურატურას 25 აგვისტოს მიმართა.
მოსამართლე ნემსიწვერიძე გამომძიებლებს დაკითხვას და იმ პირების სატელეფონო ზარების შემოწმებას სთხოვს, ვინც განცხადებაში ჰყავს მითითებული. ამ ეტაპზე მეტი დეტალის დადგენა შეუძლებელია, შვილმკვდარი დედა მედიასთან არ საუბრობს.
დაზარალებულის უფლებამონაცვლის მიერ მსგავსი პოზიცია და მოთხოვნა უკვირს ბრალდებული შმაგი რამაზაშვილის დედას. ის ამბობს რომ ნუნუ ნემსიწვერიძის მიერ მკვლელობაში დადანაშაულებულ ახალგაზრდებს დაღუპულთან კონფლიქტი არასდროს ჰქონიათ. რამაზაშვილები ამტკიცებენ რომ ცოტნე ხარატიშვილის დაღუპვა უბედური შემთხვევა იყო.
შმაგის გარდა, დაღუპულის დედა მისი ბიძაშვილის პასუხისგებაში მიცემასაც ითხოვს რომელიც შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მივიდა.
რამაზაშვილები ამბობენ რომ ნემსიწვერიძის ფაქტორის გამო მათ გაუჭირდათ ადვოკატის დაქირავება, რადგან რეგიონში მომუშავე უფლებადამცველები გაუგებარი მიზეზით ბრალდებულის დაცვაზე უარს ამბობდნენ.
ახლა შმაგი რამაზაშვილს ლიკა ბითაძე იცავს. 21 წლის ბრალდებულს ცოტა ხნის წინ ბრალი დაუმძიმეს, იმ საფუძვლით თითქოს ის საჭეს ნასვამი მართავდა. თუმცა ადვოკატი ამბობს რომ ეს ტყუილია და ამას ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს.
კიდევ ერთი ახალგაზრდა ვის დასჯასაც ნუნუ ნემსიწვერიძე ითხოვს მისი შვილის ბავშვობის მეგობარი გიორგი ჩაღმაველია, რადგან ნემსიწვერიძეს მიაჩნია რომ ჩაღმაველმა გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა.
შემთხვევის შემდეგ, გიორგი ჩაღმაველი რამდენიმე დღე საავადმყოფოში ტვინის შერყევით იწვა. დედა ამბობს რომ გამომძიებლები მისი შვილისგან სასურველი ინფორმაციის მიღებას ზეწოლით ცდილობდნენ.
ამ ეტაპზე ნუნუ ნემსიწვერიძის მოთხოვნის მიუხედავად საქმეზე მხოლოდ ერთი ბრალდებულია და სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიო ჯერჯერობით არ დგას. ჯერჯერობით საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება მხოლოდ იმაზე მეტყველებს რომ მოსამართლე ნემსიწვერიძის შვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.