რუსთავში, ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული, 1997 წელს დაბადებული პირი, დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

"რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 22 მაისს, ქ. რუსთავში, ბრალდებულმა მეუღლის და სიდედრის მიმართულებით, რომლებიც ჩვილ ბავშვთან ერთად ქუჩაში გადაადგილდებოდნენ, სანადირო თოფიდან არაერთხელ გაისროლა. აღნიშნულის შედეგად, მათ გულ-მკერდის არეში მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღეს. ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ 2023 წლის აპრილიდან 2024 წლის 22 მაისამდე პერიოდში, ბრალდებული დაზარალებულ მეუღლეს, გენდერის ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად ამცირებდა, აკონტროლებდა, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა მასზე.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 2024 წლის 22 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის ,,ბ’’, ,,თ’’, ,,კ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრი ორი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა) წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა," - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა დუმბაძის ქუჩაზე 2024 წლის 22 მაისს შუადღის საათებში მოხდა. კაცმა ცოლს და სიდედრს მაშინ ესროლა, როდესაც ისინი ჩვილ ბავშვთან ერთად, ეტლით გადაადგილდებოდნენ. ბავშვს დაზიანება არ მიუღია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი