პროკურატურა მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს ბრალდებას დაუმძიმებს | განცხადება

გამოქვეყნდა:

პროკურატურა საგარეჯოში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, დაზარალებულის გარდაცვალების გამო ბრალდებას დაუმძიმებს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ნოემბერს, საგარეჯოში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებებით დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 12 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა) და იმავე კოდექსის 19, 109-ე მუხლის "თ", "კ", "მ", "პ" ქვეპუნქტებით  (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, არაერთგზის), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა.

დაზარალებული მიღებული დაზიანებების შედეგად 21 ნოემბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა", – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობის შემთხვევაში უნდა დარეკოთ 112-ზე. ასევე, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ 112-ის მობილური აპლიკაცია და მიმოწერით, ზარით ან SOS ღილაკით დაუკავშირდეთ ოპერატორს. შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზეც - 116 006. კონსულტაცია იურიდიულ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და სამედიცინო საკითხებზე უფასოა და დაცულია ანონიმურობა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი