24 წლის გალინა ნოზაძეს ქმარმა თმაზე საწვავი მძინარეს გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ახალგაზრდა ქალი 10 დღეზე მეტია სიკვდილს ებრძვის, დამწვარი აქვს სხეულის 70 პროცენტი, ყველაზე მძიმედ - სახე. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ახალგაზრდა ქალის სამი მცირეწლოვანი შვილი ყველაფერს შეესწრო.
33 წლის თემურ ყარალაშვილმა სცადა მომხდარი უბედურ შემთხვევად გაესაღებინა, სასწრაფოს, რომელმაც ქალი კლინიკაში გადაიყვანა ისიც გაჰყვა. ბრალდებული მხოლოდ მომდევნო დღეს დააკავეს.
გალინა ნოზაძე ჭიათურიდანაა, თიანეთში, ახალსოფელში ქმრის ოჯახში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, თვითგადარჩენისთვის იძულებული იყო, რომ ფიზიკურად ეშრომა.
გალინას სამი შვილი 11 დღის განმავლობაში მეზობლებთან ცხოვრობდა, ოჯახი ყარალაშვილებს ენათესავება. არის ვარაუდი, რომ ბრალდებული მას შემდეგ დააკავეს, რაც მცირეწლოვანმა პოლიციელს მოუყვა, როგორ წაუკიდა მამამ დედას ცეცხლი.
ბავშვებისთვის საჭირო ტანსაცმელი და საკვები შემფარებელ ოჯახს სოფლის მცხოვრებლებმა მოუგროვეს. სამი მცირეწლოვანი ბებიამ და ბიძამ თიანეთიდან ჭიათურაში მხოლოდ გუშინ წაიყვანეს. არც დამწვარი გოგოს დედას და არც ძმას მომხდარზე საუბარი არ სურს.
გალინა ნოზაძე ამ დრომდე დამწვრობის ცენტრში რჩება, მდგომარეობა ისევ მძიმეა, მომხდარზე არაფერს ამბობენ არც ბრალდებულის მშობლები.
10 დღის განმავლობაში სიკვდილს ებრძოდა 39 წლის ციკო სულიკაშვილიც. ქალი კლინიკაში ორი დღის წინ დაიღუპა. დამნაშავე ამ შემთხვევაში ყოფილი ქმარია, რომელიც ქალს მიუვარდა და მშობლების სახლის ეზოში თავში ქვა იმდენხანს ურტყა სანამ გონება არ დააკარგვინა.
ქალს ორი შვილი დარჩა, ერთი არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეა. შემთხვევის დროს სახლში ქალის სმენადაქვეითებული ბებია და მამა იმყოფებოდნენ. ბრალდებული მიხეილ სუხიშვილი ციხიდან სულ რამდენიმე კვირის გამოსულია. ის პატიმრობას ცოლზე ძალადობის გამო იხდიდა, გაათავისუფლეს ქართული ოცნების მიერ წინასაარჩევნოდ საგანგებოდ გამოცხადებული ამნისტიით.
ქალთა უფლებადამცველები ამბობენ, რომ ამნისტიის შემდეგ ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართვიანობა გაიზარდა, რაც გარდაუვალი იყო და ამის შესახებ ქართულმა ოცნებამაც კარგად იცოდა.
ქართული ოცნების ამნისტიას პირველი მსხვერპლი ჰყავს, წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მიერ ქუჩაში გამოშვებული კრიმინალების გამო თავს დაუცველად ასობით ქალი გრძნობს.
შეგახსენებთ, ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობის შემთხვევაში უნდა დარეკოთ 112-ზე. ასევე, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ 112-ის მობილური აპლიკაცია და მიმოწერით, ზარით ან SOS ღილაკით დაუკავშირდეთ ოპერატორს. შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზეც - 116 006. კონსულტაცია იურიდიულ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და სამედიცინო საკითხებზე უფასოა და დაცულია ანონიმურობა.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი