ოლიგარქიული რეჟიმის მიერ მოპარული არჩევნების გასაპროტესტებლად ილიაუნის A კორპუსიდან სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მარში დაიწყო. მსვლელობის მონაწილეები ჯერ თსუ-ს პირველ კორპუსთან მივლენ მოგვიანებით კი რესპუბლიკურ მოედანზე დაგეგმილი აქციას შეუერთდებიან. მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და მასწავლებლები.
საგანმანათლებლო სივრცის წარმომადგენლების თქმით, მათი არჩევანი არის ევროპული ღირებულებები და ევროპული მომავალი და დღეს სწორედ ეს ღირებულებებია საფრთხის ქვეშ და დასაცავი.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის თსუ-ს ლექტორი სოფიო შამანიდის თქმით, პროტესტის მთავარი სამიზნე მოპარული არჩევნებია, თუმცა ამასთან ერთად პროფესორ-მასწავლებლები აპროტესტებენ იმ ქმედებებსაც რომელსაც ხელისუფლება თავისუფალი აზრის ჩასახშობად სჩადის.
"უპირველეს ყოვლისა ვაპროტესტებთ მოპარულ არჩევნებს, ასევე ვაპროტესტებთ მავნებლურ კანონს, რომელიც მიიღო "ქართულმა ოცნებამ" ვითომდა არასრულწლოვანების დასაცავად, სინამდვილეში კი ადამიანების შესავიწროებლად და ცენზურის დასამყარებლად, როგორც აკადემიურ სივრცეში, ასევე ხელოვნების სხვა სფეროებში. ასევე ვაპროტესტებთ იმას, რაც იკადრა თსუ-ს ადმინისტრაციამ, რომელმაც იქ შეუშვა სადამსჯელო, ვითომცდა სამართალდამცავები," - განაცხადა სოფიო შამანიდმა
სტუდენტების თქმით, არალეგიტიმურ რეჟიმს ყველაზე მეტად სტუდენტების ეშინია, რადგან მათი ხმა ყველაზე ხმამაღლა ისმის. როგორც ისინი აცხადებენ, ქვეყანაში ცვლილებებს სწორედ ის ერთობა მოიტანს, რომელიც ევროპული მომავლისთვის მებრძოლ საზოგადოებაში არსებობს.
მსვლელობის დაწყებამდე პროფესორ-მასწავლებლებმა მანიფესტიც წაიკითხეს.
"26 ოქტომბრის არალეგიტიმურად ჩატარებული არჩევნების შედეგად საქართველოში სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს მძლავრი და მჩაგვრელი ავტორიტარული რეჟიმი. რეჟიმის გაცხადებული მიზანია იერიში მიიტანოს აკადემიურ თავისუფლებაზე და აბსოლუტური კონტროლი დაამყაროს ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეებზე.
ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში განახორციელა და რომელიც ხელისუფლების განცხადებით, არის ტრადიციებისა და სუვერენიტეტის სახელით მიღებული, რეალურად სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის მრავალწლიან ისტორიას, რომელიც დგას სწორედ დემოკრატიაზე და სუვერენიტეტის იდეაზე. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებები ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ეს კანონები სრულიად იმეორებს რუსეთისა და უნგრეთის მაგალითებს, სადაც მსგავსმა საკანონმდებლო ცვლილებებმა დამანგრეველი შედეგები უკვე გამოიღო. ამ ქვეყნების საგანმანათლებლო სივრცეებიდან განიდევნა კრიტიკულად მოაზროვნე სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ბოლო მოუღო უნივერსიტეტის ავტონომიას.
საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ვითვალისწინებთ რა აღნიშნულ გამოცდილებებს და იმ რეალობას, რომელიც დგას ჩვენს ქვეყანაში და სხვა ქვეყნებში. ჩვენ გვინდა ცხადად ვთქვათ: არ დავუშვებთ იგივე განმეორდეს საქართველოში. ჩვენ საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ და ვიბრძოლეთ იმისათვის, რომ შეგვექმნა ისეთი აკადემიური სივრცეები, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას წაადგებოდა. ჩვენ არ შევეგუებით, ამ ქვეყნის და მისი საგანმანათლებლო სივრცეების და ინსტიტუტების ავტორიტარული რეჟიმის მიერ მიტაცებას.
ამასთან ერთად ხაზს ვუსვამთ რომ არ დავუშვებთ თავისუფლებისათვის მებრძოლი ახალგაზრდების ომარ ოკრიბელაშვილის, საბა მეფარიშვილის, ისაკო დევიძის, მათე დევიძის, დავით წოწორიას თავისუფლების აღკვეთას, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების აღკვეთასთან შეგუებას ნიშნავს. ჩვენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები პირველ რიგში ვამბობთ, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ ახალგაზრდების დასაცავად და ასევე ჩვენი ქვეყნის გასათავისუფლებლად არსებული ავტოკრატიული რეჟიმისგან," - ნათქვამია მანიფესტში.