მკვლელობა წალკაში - დამნაშავე, თუ შურისძიების მსხვერპლი ბიზნესმენი, რომელმაც "დაკრიშვაზე" უარი თქვა?

გამოქვეყნდა:

მკვლელობა წალკაში 2019 წლის 9 დეკემბერს, სოფელ არწივანში მოხდა. 85 წლის მოხუცი საკუთარ სახლში ბლაგვი საგნით მოკლეს. სავარაუდოდ, მის გასაძარცვად შესულმა პირებმა ფულის წაღება ვერ შეძლეს და მოხუცი მძიმე დაზიანებებით მიატოვეს. 

შემთხვევიდან უკვე ცხრა თვე გავიდა. ადგილობრივებმა ყველაფერი იციან, თუმცა კამერებთან საუბარს ყველა თავს არიდებს.

მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ პოლიციამ სოფელ არწივანის მკვიდრი ნუკრი ბერიძე დააკავა. ბრალდებულმა ჩვენებაში მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი - მიხაილ შუშანოვი დაასახელა. 

ფაქტს, რომ მძარცველები ორნი იყვნენ ვერავინ ადასტურებს. მოკლულ მოხუცს მეზობლები არ ჰყავდა. სახლში ერთზე მეტი პირის შესვლა ვერც ექსპერტიზის ბიურომ დაადასტურა. ოჯახის მტკიცებით, ახალგაზრდა კაცი არც მძარცველთან მეგობრობდა და ოჯახს არც ფინანსურად უჭირდა, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო. ამის მიუხედავად ბერიძის ჩვენების საფუძველზე მიხაილ შუშანოვი დააპატიმრეს. 

ხათუნა შუშანოვა ამბობს, რომ მკვლელობის მეორე დღეს მიხაილ შუშანოვს ნუკრი ბერიძემ 500 დოლარი სოფლიდან გასაქცევად სთხოვა, რაზეც უარი მიიღო, ამიტომ გაბრაზებულმა ის ჩვენებაში დაასახელა.  პოლიციელები კი ბრალდებულს გაურიგდნენ. 

შუშანოვები ყვებიან, რომ ბრალდებულის პოლიციელებთან გარიგებას საკუთარი მიზეზი ჰქონდა. თავად სამართალდამცველები მათ ოჯახს მცირე ხნით ადრე დაუპირისპირდნენ. 

წალკის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელში ფინანსურად ყველაზე კარგ მდგომარეობაში მყოფ შუშანოვებს შესთავაზეს, ფულისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების სანაცვლოდ რეგიონში მფარველობას გაუწევდნენ. ერთ-ერთი პოლიციელი, რომელმაც ოჯახის ინფორმაციით, ე.წ. კრიშა შესთავაზათ, წალკის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი რეზო ბოლქვაძეა. შუშანოვების მხრიდან უარის თქმა გახდა მიზეზი, რომ ძარცვაში ბრალდებულთან გარიგებული პოლიციელი რეზო ბოლქვაძე სახლში ჩხრეკასა და დაპატიმრებას მეთაურობდა - ამაში დაკავებულის მეუღლე დარწმუნებულია. 

პოლიციელები სახლში ჩხრეკის ორდერის გარეშე შევიდნენ. თავად  მიხაილ შუშანოვი ამ დროს პოლიციაში, მკვლელობის ფაქტზე, გამოკითხვაზე იყო დაბარებული, სახლი კი ოთხი არასრულწლოვნის თანდასწრებით გაჩხრიკეს. ამის გამო მიხაილ შუშანოვის 10 წლის შვილმა მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო.

გამომძიებელმა რეზო ბოლქვაძემ მის წინააღმდეგ გაჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა "შაბათის მთავართან" საუბარი არ მოინდომეს არც მისმა კოლეგებმა. 

ბრალდებულ ნუკრი ბერიძის მეუღლემ ვრცლად საუბარი არ ისურვა და გვითხრა, რომ არც ჩვენების და არც საქმის დეტალები არ იცის. 

მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, მიხაილ შუშანოვის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მოსამართლე მადონა მაისურაძემ გადაწყვეტილება 4 სექტემბერს მიიღო. 

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ნუკრი ბერიძეს 8 წელი, ხოლო მიხაილ შუშანოვს 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს ამ  გადაწყვეტილებას ოჯახი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 

იმის მიხედვით კი თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო, შუშანოვები საქმეს ევროსასამართლოში წაიღებენ. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი