ანატოლი გიგაურს, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმის ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
გიგაურმა პროცესზე პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა:
„სახეში მომხვდა მუშტი, ხელის მოხვედრისთანავე წავავლე ხელი პოლიციელს, რომელმაც ხელი დამარტყა, ვუთხარი, რატომ დამარტყი ხელი-მეთქი. შემაგინა და დასარტყმელად მოიქნია ხელი, ამ დროს მდგომარეობიდან გამოვედი და ვკარი ხელი.
ამ მოვლენების შემდეგ, დაახლოებით, საათნახევარში აქცია დავტოვეთ. „ვეფხი და მოყმესთან“, პოლიციის მანქანამ გვანიშნა, რომ გაგვეჩერებინა, კარი გავაღე, ხელი დავალაგე მანქანის საბარგულზე, წინააღმდეგობას არ გიწევთ-მეთქი. მესმოდა ხმები აქეთ გამოიყვანეო, მანქანის უკან გამიყვანეს, ვის დაარტყი ხელიო მითხრეს, ძირს დამახეთქეს და რაღაც დროის განმავლობაში მცემდნენ, სისხლი მომდიოდა, სურათები გადამიღეს... მერე გზაში ურეკავდნენ, სისხლი შეუწყვიტეთო? შემდეგ სამმართველოში გადამიყვანეს, მკითხეს, რა მოხდაო, მოვყევი. მაძალებდნენ, რომ ეს ტანსაცმელი გამეხადა და მათ მიერ მოტანილი სამოსი ჩამეცვა, რაზეც უარი განვაცხადე. ის ადამიანი, რომელმაც ხელი დამარტყა, შემოვიდა და მითხრა, რომ ის ტანსაცმელი უნდა ჩამეცვა. უარის შემდეგ, ერთი ათჯერ ჩამარტყა თავში, შემოცვივდნენ სხვებიც, ხომ გითხარი ხელი არ დაარტყაო და გაიყვანეს“, - განაცხადა გიგაურმა. [ipn]
ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.