სამოქალაქო აქტივისტი ილია სეთური თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კანონდამრღვევად ცნო და 500 ლარით დააჯარიმა.
მოსამართლემ სრულად გაიზიარა შსს-ს მტკიცება, რომ აქტივისტმა დაარღვია შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონი და უკანონოდ გადაკეტა გზა. საქმე ეხება 10 ნოემბერს, გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციას.
"წარმოადგინეს მტკიცებულებები. ამ მტკიცებულებებში ჩანდა, რომ მე ვიყავი ძირითადად ტროტუარის მხარეს და მიმტკიცებდნენ რომ ვიყავი გზის სავალ ნაწილზე. არ ყოფილა მოწოდება საპატრულო პოლიციის მხრიდან, რომ გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლეთო, მაგრამ მაინც მედავებიან" თქვა სეთურმა სასამართლოს შემდეგ.
სხდომის შემდეგ, საქალაქო სასამართლოს ეზოში ხმაური და დაპირისპირება იყო. სეთურის სასამართლოზე მყოფ ახალგაზრდებს, ადგილზე ბანერების გაშლა და ხმის გამაძლიერებლებით განცხადების გაკეთება სურდათ, რისი უფლებაც მანდატურებმა არ მისცეს.
ამ წუთებში საქალაქოში კიდევ ერთი აქტივისტის, სტუდენტ ვანო გომურაშვილის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს, მას 17 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე, თსუ-სთან გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ედავებიან.
გზის გადაკეტვისთვის სასამართლოში დღეს კიდევ 11 პირი იყო დაბარებული, თუმცა მათი გაერთიანებული პროცესი გადაიდო.