სასამართლომ გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ გამართული აქციების 10-მდე მონაწილე დააჯარიმა | რეპრესიების ახალი ტალღა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" რეპრესიების ახალი ტალღა და სასამართლო სხდომები, რომლებიც იდენტური გადაწყვეტილებებით სრულდება. ოცნების ხელისუფლება ასამართლებს გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს. დღეს სასამართლომ  10 და 17 ნოემბერს გამართული საპროტესტო აქციების 10 -მდე მონაწილე  კანონდამრღვევად ცნო და  ფულადი ჯარიმები დააკისრა.

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ილია სეთური სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 10 ნოემბერს გამართული აქციის მონაწილეს შსს შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის დარღვევას ედავება და ამტკიცებს, რომ მან გზა უკანონოდ გადაკეტა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. 

იმ ადამიანების შეფასებით, ვინც გაყალბებულ არჩევნებს 26 ოქტომბრის შემდეგ ქუჩაში აპროტესტებს, მოსამართლემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და ამის გაპროტესტება სასამართლოს ეზოში სცადეს. უნდოდათ პლაკატების გაშლა და ხმის გამაძლიერებლით განცხადებების გაკეთება, რასაც მანდატურებთან დაპირისპირება მოჰყვა.

პარალელურად სასამართლოს დარბაზებში მიმდინარეობდა პროცესები იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც სხვადასხვა დღეს, სხვადასხვა აქციაში მონაწილეობდნენ და მოპარულ არჩევნებს აპროტესტებდნენ. მასწავლებელ ვანო გომურაშვილს სასამართლომ 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. დაადგინა რომ ის არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, როდესაც ცესკოსთან საბოლოო ოქმის გამოცემას აპროტესტებდა.

500-500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა კიდევ 4 ადამიანს. ნაწილი მათგანი 10 ნოემბერს, ნაწილი კი 17 ნოემბერს გზის არაკანონიერად გადაკეტვაში ცნეს დამრღვევებად.

11 დეკემბრისთვის გადაიდო 11 ადამიანის გაერთიანებული საქმის განხილვა. შსს მათაც მანიფესტაციის შესახებ კანონის დარღვევას ედავება. ყველას აქვს კითხვა, თუ აქციის მიმდინარეობის დროს კანონს არღვევდნენ, რატომ არ მოუწოდა პოლიციამ იქვე, რომ გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ. მოვლენების ასეთი განვითარება არწმუნებთ, რომ ქართული ოცნების რუსული რეჟიმი მათ დაშინებას და გაჩუმებას ამ გზით ცდილობს.

შსს ათობით პირს ედავება გზის უკანონოდ გადაკეტვას. ხვალაც და ზეგაც საქალაქო სასამართლოში პროცესები უკვე ჩანიშნულია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი