რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ორი ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ გამოცემა "პუბლიკას" განუცხადა.
"მინდა, მოვუწოდო აქციის მონაწილეებს, მათ ორგანიზატორებს და განსაკუთრებით, იმ აქტიურ პირებს, რომლებიც ჩადიან სხვადასხვა უკანონო ქმედებას. შსს ყოველთვის აქციის მიმდინარე პერიოდში დგას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით. მაგრამ, აქციის დაწყებისთანავე, უკვე დაიწყო გარკვეულმა პირებმა სხვადასხვა სახის უკანონო მოქმედებები, პარლამენტის შესასვლელთან სხვადასხვა საგნის სროლა, რკინის ჯებირის დამტვრევა, ასევე, ფაქტი ჰქონდა შუშების ჩამსხვრევას, საიდანაც ახდენდნენ ცეცხლის წაკიდებას ოთახებში. რის შედეგადაც, ჩვენ მიერ მოხდა რეაგირება და ორი პირი ამ ეტაპისთვის ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
მინდა, ხაზი გავუსვა, რომ აქცია დაწყებულია 40 წუთია, მაქსიმუმ 1 საათი და უკვე, გარკვეულმა პირებმა დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები. მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, განსაკუთრებით, იმ პირებს, რომლებიც მოწოდებულია აგრესიისკენ, რომ არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს, ვინაიდან შსს-ის დანაყოფები ადგილზე მობილიზებულია იმისთვის, რომ დაიცვას კანონი," - განაცხადა ვაჟა სირაძემ.
ფოტო: "პუბლიკა"