29 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ სამ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, მათ შორის, არასრულწლოვანს

გამოქვეყნდა:

29 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე, პოლიციელებზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ სამ ახალგაზრდას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დაცვის მხარემ ერთ-ერთი დაკავებულის შემთხვევაში  10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და 21 წლის ახალგაზრდა  პატიმრობაში გაუშვა.  

პატიმრობა შეუფარდეს 17 წლის მოზარდსაც, რომელსაც პარლამენტის შენობაში ცეცხლმოკიდებული ნივთის სროლას ედავებიან, მესამე დაკავებულს კი რომელსაც ასევე პატიმრობა შეეფარდა ბრალდების მხარე პარლამენტის შენობის ფასადზე დამონტაჟებულ სამეთვალყურეო სისტემაზე ცეცხლის წაკიდებას ედავება

სამივე პირი 1-ელ დეკემბერს დააკავეს. ერთ მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ორ ბრალდებულს 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი