"მთავარი არხის" ჟურნალისტი და წამყვანი ბექა ყორშია, რომელიც რამდენიმე საათის წინ ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, იზოლატორში შესახლებული ჯერ კიდევ არაა. მანქანა რომლითაც ბექა ყორშია გადაიყვანეს, ისევ იზოლატორის ეზოში დგას.
ბექა ყორშია ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რას ედავება "მთავარი არხის" ჟურნალისტს გამოძიება, იქიდან გამომდინარე, რომ დაკავების ოქმი არც ბექა ყორშიას და არც ადვოკატებს არ ჩაბარებიათ. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე ბრალს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგენენ.
"ბექა ყორშია დააკავეს ელბაქიძის დაღმართზე, სადაც უბრალოდ მოძრაობდა სპეცდანიშნულების რაზმი და სრულიად უკანონოდ დააკავეს. ამის შემდეგ ის 4 საათის განმავლობაში უბრალოდ დაგვიმალეს და ვერ მოვახერხეთ ვერანაირი კონტაქტი და ინფორმაციის მოძიება. არ მოგვეცა საშუალება დაცვის უფლების განხორციელების. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჰყავდათ დიღმის მთავარ სამმართველოში, საიდანაც გვეუბნებოდნენ და გვატყუებდნენ, რომ ის უკვე ზაჰესის იზოლატორში გადაჰყავდათ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბექა ყორშიას ავჭალის იზოლატორში შესახლების პროცედურა," - განაცხადა ბექა ყორშიას ადვოკატმა ვიქტორ კვიტატიანმა, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენელია.
შსს-ს დაკავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა არასამთავრობოების ცხელ ხაზზე შესული შეტყობინებების თანახმად, დაკავებულების რაოდენობა 30-ს აჭარბებს. დაკავებულები იმყოფებიან ზაჰესის, საგარეჯოს, რუსთავის და გორის იზოლატორებში.