შსს საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა შესახებ განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ 2 ადამიანი,1995 წელს დაბადებული ი.ქ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე 1997 წელს დაბადებული ს.კ. დააკავა. 

უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის დაკავებულია 28 პირი.

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარე გამოძიების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავეს.

დაკავებული არიან: 1995 წელს დაბადებული ი.ქ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე 1997 წელს დაბადებული ს.კ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ჯგუფურად ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის დაკავებულია 28 პირი.

აქვე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გასული ღამის განმავლობაში, თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენებისა და აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, როგორც ყველა შეკრებისა და მანიფესტაციის დროს, რუსთაველის გამზირზე გამართული შეკრების პარალელურად მობილიზებულები იყვნენ საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

პროტესტის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, წინა ორი დღის მსგავსად მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი და გაეგრძელებინათ აქცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების მიმართ გაავრცელა შესაბამისი მოწოდებაც, რომ შეკრება მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს.

თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, საპროტესტო აქციაზე მყოფ პირთა ნაწილის ქმედებებმა მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

აქციის წევრებმა პარლამენტის შენობის და მის წინა პერიმეტრზე მდგომი სამართალდამცველების მისამართით ისროლეს პიროტექნიკა.
მოგვიანებით, ჭიჭინაძის ქუჩაზე, მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით მყოფი პოლიციელების მიმართულებით დამიზნებით ისროლეს, ხეზე წინასწარ დამაგრებული პიროტექნიკა.
ასევე, პოლიციის თანამშრომლებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათი მიმართულებით ისროდნენ ქვებსა და სხვადასხვა მძიმე საგნებს.

აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთმა თანამშრომელმა.

აქციის მონაწილეები, სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიანი ფორმით, კვლავ განაგრძობდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, რა დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაატარა კანონით მინიჭებული ზომები, მათ შორის გამოიყენა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები.

სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე ადგილზე ხდებოდა შეკრების მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება.

აქციის მონაწილეებმა, მოგვიანებით, რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაინაცვლეს, რა დროსაც საავტომობილო გზაზე მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება შეუზღუდეს, ისინი კონფლიქტში შევიდნენ ავტომობილის მგზავრებთან, რომლებიც ერთ-ერთი დასაცავი პირის პირად დაცვას წარმოადგენდნენ.

აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 48 პირი," - წერია განცხადებაში. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი