სამოქალაქო აქტივისტის საბა სხვიტარიძის ადვოკატის გიორგი ჩომახაშვილის განცხადებით, ის არის საპროტესტო აქციებისას დაკავებულთაგან ერთადერთი, ვინც რუსთავის N6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, რომელიც განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის რეჟიმის საპატიმროს წარმოადგენს. აღნიშნულ დაწესებულებაში განსაკუთრებული დანაშაულისთვის მსჯავრდადებულები და უვადო პატიმრები იმყოფებიან.
ადვოკატი და საბა სხვიტარიძის ახლობლები მიიჩნევენ, რომ მისი აღნიშნულ დაწესებულებაში გადაყვანა შურისძიების მიზნით მოხდა. სხვიტარიძის ინტერესების დამცველი მისი აღნიშნული დაწესებულებიდან გადაყვანას მოითხოვს.
"ამ საკანში არის ანტისანიტარია და მისი განმარტებით, არ შეესაბამება სტანდარტებს. მე ეს საკანი არ მინახავს რადგან ამის უფლება არ მაქვს. სახალხო დამცველისგან მივიღე პირობა რომ საბას მოინახულებენ და მოხდება ამ საკნის მონახულებაც. ჩემთვის გაუგებარია და პირველი შემთხვევა, რომ ის მოათავსეს არა გლდანის არამედ რუსთავის დაწესებულებაში. ამას ვუკავშირებთ შურისძიებას. მივმართავ ყველა შესაბამის ორგანოს რომ მოახდინოს რეაგირება. - აღნიშნა ადვოკატმა.
როგორც საბა სხვიტარიძე აცხადებდა მასზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა. იგი გაიტაცეს და აწამეს. მისი თქმით, მას ნიღბიანების ჯგუფი დიღმის სამმართველოს შენობაში სასტიკი მეთოდებით გაუსწორდა. ადვოკატი აღნიშნული ფაქტის დროულ გამოძიება ითხოვს.
"რაც შეეხება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დროულად დაიწყეთ გამოძიება საბასთან დაკავშირებით, ამოიღეთ კამერები თუ როგორ შედიან ნიღბიანი ადამიანები ამ განყოფილებაში." - აცხადებს ადვოკატი
სხვიტარიძეს 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც გულისხმობს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.
ავტორი: დავით კობიძე