ბათუმში ოთხი პირის განზრახ მკვლელობის და იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, საქართველოს პროკურატურამ, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 7 დეკემბერს, ბათუმში, ბრალდებულები ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მივიდნენ, სადაც ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ და ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლით 4 პირს ჭრილობები მიაყენეს. ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" და "ლ" ქვეპუნქტებით და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ოთხი პირის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, 7 დეკემბერს, ბათუმში, ბრალდებულები მივიდნენ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ და ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლით 4 პირს ჭრილობები მიაყენეს. მიყენებული დაზიანებების შედეგად სამი ადგილზე, ხოლო ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ჯგუფურად ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა," - წერია განცხადებაში.