სადამკვირვებლო ორგანიზაცია "ჩემი ხმა ევროკავშირს" დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, 28 ნოემბრის შემდეგ 460-ზე მეტი დაკავებულის უფლებები ირღვეოდა როგორც საგამოძიებო ორგანოებში, ასევე სასამართლო დარბაზებში.
მისი თქმით, მოსამართლეები მოქალაქეთა პატიმრობში გაშვებისას საბჭოთა კავშირის დროს, 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ კოდექსს ეყრდობოდნენ, არ ითვალისწინებდნენ ვიდეო მტკიცებულებებს, ეყრდობოდნენ პოლიციელების ცრუ ჩვენებებს და ყურადღებას არ აქცევდნენ დაკავებულების ფიზიკურ მდგომარეობას, მეტიც სასამართლოში არ აძლევდნენ საშუალებას მოეყოლათ როდის მიიღეს დაზიანებები.
"ამ დროის მონაცემებით, 460-ზე მეტი პირის დაკავების შესახებ შემოვიდა ინფორმაცია ცხელ ხაზზე, არასამთავრობო ორგანიზაციების. 430 არის დაკავებული ადმინისტრაციული წესით, ხოლო 36 სისხლის სამართლის წესით. შესაძლებელია დაკავებულთა რაოდენობა იყოს მეტი, ვინაიდან ეს არ ეფუძნება ოფიციალურ ინფორმაციას.
28 ნოემბრის შემდეგ 460-ზე მეტი დაკავებულის უფლებები ირღვეოდა როგორც საგამოძიებო ორგანოებში, ასევე სასამართლო დარბაზებში. მოსამართლეები არ ითვალისწინებდნენ დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და ეყრდნობოდნენ მხოლოდ პოლიციელების, უმეტეს შემთხვევაში, ცრუ ჩვენებებს. ისინი აჯარიმებდნენ მოქალაქეებს სრულიად დაუსაბუთებლად, 2 000-დან 3 000 ლარამდე, ასევე უშვებდნენ ყოველგვარი საფუძვლის და მტკიცებულებების გარეშე პატიმრობაში 4-დან 14 დღემდე... მოსამართლეები და ქართული მართლმსაჯულება უკანონო პატიმრობაში მოქალაქეთა გაშვებისას ეყრდნობოდა საბჭოთა კავშირის დროს, 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ კოდექსს, რომელიც არ უზრუნველჰყოფს ადამიანის უფლებების სტანდარტებს და გარანტიებს.
შესაბამისად დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც წარდგენილ ვიდეომტკიცებულებებს და პოლიციელების ჩვენებებს შორის იყო შეუსაბამობები, თუმცა მოსამართლე მაინც ცნობდა მოქალაქეებს სამართალდამრღვევებად. მოსამართლეები სისტემურად არღვევდნენ სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს... მოსამართლეები არ ითვალისწინებდნენ სასამართლოს გადადების შუამდგომლობებს... მოსამართლეები აშკარად ხედავდნენ, რომ დაკავებულები არიან ნაცემები, ნაწამები, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და არ ინტერესდებოდნენ სად და რა პირობებში მოხდა მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება. უფრო მეტიც, როდესაც დაზარალებული იწყებდა საკუთარი ისტორიების მოყოლას მოსამართლეები მათ აჩუმებდნენ და ეუბნებოდნენ რომ წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტები მათ არ ეხებოდათ...
ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსამართლეები ასრულებდნენ პოლიტიკურ შეკვეთას და აშკარაა, რომ მათი მისია იყო აქციის მონაწილეთა სამაგალითო დასჯა და რეპრესიები.
ეს მოსამართლეები არიან:
- ლელა მილდენბერგი
- ზვიად ცეკვავა
- ლელა ცაგარეიშვილი
- კობა ჩაგუნავა
- ნინო ენუქიძე
- მანუჩარ ცაცუა" - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.