საქალაქო სასამართლოში 17 ნოემბერს ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის საქმეს განიხილავენ. დღეს სასამართლოში 13 პირის პროცესი ერთდროულად უნდა გამართულიყო, თუმცა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ნიკა გვარამიას საქმე ცალკე, 3 წუთში განიხილა და მოპასუხე მხარის არ დასწრების გამო 23 დეკემბრამდე გადადო.
როგორც ცნობილია, ნიკა გვარამია მარნეულის იზოლატორში ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება. პროცესს ვერ დაესწრო ვერც მისი ადვოკატი ბექა კვინიკაძე, რომელიც სასამართლოს შემოსასვლელში არსებულ რიგში იდგა და მცირეხნიან პროცესს ვერ მიუსწრო.
"სრული სიგიჟეა ის რაც სასამართლოში ხდება, სამართლიანი სასამართლოს იმიტაციაც კი არაა შექმნილი. ყველასთვის ცნობილია, რომ ნიკა გვარამია ზის იზოლატორში და როგორ გამოცხადდებოდა. სასამართლოსთვის ცნობილი იყო რომ მის ინტერესებს წარმოვადგენ მე და უნდა მოვსულიყავი. ისე იწყებენ, რომ არ გველოდებიან. იმისთვის, რომ ხელისუფლების დავალება შეასრულონ," - განაცხადა ბექა კვინიკაძემ.
17 ნოემბერს ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის საქმეზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან ასევე ნინო კვიტაიშვილს და საბა სხვიტარიძეს.